ბურთაობა

ბურთაობა, ძველ ქართულ მოძრავ თამაშობათა ერთი ჯგუფის (ლელო, ცხენბურთი, გაკვრაბურთი, ღორობია, გაქცევბურთაობა, საყებურთი, შეხლაბურთი, ბინაბურთი, წრებურთი, ხაზბურთი და სხვ.) ზოგადი სახელწოდება. ცნობები ბ-ის შესახებ დაცულია ვეფხისტყაოსანში და მომდევნო ხანის წერილობით წყაროებში.

 ბ. ქართვ. ხალხში ძველთაგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ხალხ. თქმით, „ყველა თამაშობაში ბურთაობა მეფეა და ჯირითი დედოფალიო“. ბურთს უმთავრესად ხელით თამაშობდნენ, ბურთით თამაშის ვარიანტებს შორის დიდი ადგილი ეჭირა ბურთის მიზანში ტყორცნას. წარჩინებულთა შორის გავრცელებული იყო ბ-ის მხედრული სახეობანი, უმთავრესად ცხენბურთი. მოთამაშეთა ასაკის გათვალისწინებით საქართველოში ბ-ის სხვადასხვა სახეობას იყენებდნენ. ბ. იმართებოდა სხვადასხვა თავყრილობის, დღესასწაულისა და ქორწილის დროს. ძვ. საქართველოში ბ-ს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ახალგაზრდების ფიზ. მომზადების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიაჩნდათ.

 ქართველი ხალხის ყოფაში ბ-ის დიდმნიშვნელობაზე მეტყველებს ძვ. საქართველოში სპეც. სათამაშო მოედნების (ასპარეზი, მერე და სხვ.) არსებობა, თბილისის ერთ-ერთი უბნის სახელწოდება – „საბურთალო“. 

ისტ.-ეთნოგრ. წყაროების მიხედვით აღდგენილი და გადამუშავებულ-რეგლამენტირებული ზოგი სახეობა (მაგ., ლელო, ცხენბურთი) ახლაც გავრცელებულია.

 ლიტ.: მერკვილაძე გ., ქართული მოძრავი თამაშობანი, ტფ., 1922; რობაქიძე ა., ცხენბურთი, თბ., 1952; შიშნიაშვილი ნ., ქართული ხალხური მოძრავი თამაშობანი, თბ., 1958.

                                                                                                                                       ვ. ელაშვილი