ბურკაძე ვახტანგ კონსტანტინეს ძე (დ. 10. VI. 1931, გურჯაანი), აგროეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1979), საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1992; წ.-კორ. 1991). 1954 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1958 საქართვ. მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფროსი მეცნიერი მუშაკია. 1959-იდან საქართვ. სოფ. მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის გამგე, 1973-იდან ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, ხოლო 1988-იდან – დირექტორი. ბ-მ რესპუბლიკაში პირველმა დაამუშავა სას.-სამ სავარგულების ეკონ. შეფასების სკალები და მათი გამოყენების რეკომენდაციები. შეისწავლა მრავალწლოვან ნარგავებში პროდუქციის თვითღირებულების შემცირებისა და რენტაბელობის ამაღლების ღონისძიებები. შეიმუშავა რეკომენდაციები შრომის ორგანიზაციის და ანაზღაურების პროგრ. ფორმების შესახებ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.