ბურმასიგი, სოფელი ყაზბეგის რ-ნში (კობის სოფლის საკრებულო), თრუსოს ხეობაში, ხოხის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ. თერგის მარცხ. ნაპირას, წოწოლთისწყლის შესართავთან. ზ. დ. 2350 მ, ყაზბეგიდან 41 კმ. 3 მცხ. (1989). მეცხვარეობა.
სოფელში შემონახულია ხუროთმოძღვრების 2 ძეგლი. ნატეხი ქვით ნაგები პირამიდული კოშკი და კოშკური სახლი. ოთხსართულიანი კოშკის ყოველ სართულზე სათოფურებია განლაგებული. კოშკური საცხოვრ. სახლი სამსართულიანია. იგი საკმაოდ დაზიანებულია. კედლებში აქაც სათოფურებია. ორივე ნაგებობა XVII ს-ით თარიღდება.
ლიტ.: Закарая П. П., Крепостные сооружения Картли, Тб., 1968.
პ. ზაქარაია