ბურმისტროვა ნატალია მიხეილის ასული (დ. 14. III. 1918, ქ. ბორისოვო, მინსკის ოლქი), რუსი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1961). 1972 მიენიჭა სსრკ სახ. არტისტის წოდება. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1936 ტომსკის დრამ. თეატრში. მუშაობდა რუსეთის სხვადასხვა თეატრებში, 1938 – 48 – პეტროპავლოვსკის, ორეხოვო-ზუევოს, მოსკოვის საოლქო და გორკის თეატრებში. II მსოფლიო ომის წლებში საფრონტო თეატრის მსახიობი იყო. 1948-იდან თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრში მოღვაწეობს. არის ფართო დიაპაზონის, მაღალი პროფ. კულტურის მსახიობი. ერთნაირი ოსტატობით ქმნის დრამ. და კომ. სახეებს, რ-თაგან აღსანიშნავია: ტანია (ა. არბუზოვის „ტანია“), ნადეჟდა (ა. კორნეიჩუკის „ძახველის ჭალა“), ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო“), მაშა (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), ნინა ზარეჩნაია (ა. ჩეხოვის „თოლია“), რაშელი (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), ვალია, იულია (ა. არბუზოვის „ირკუტსკელი ამბავი“, „ძველ საყვარელ სახლში“), კატია (ს. ალიოშინის „უცხო ქალი“), ლიზა (ი. ტურგენევის „აზნაურთა ბუდე“), ლუიზა (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) ნორა (ჰ. იბსენის „ნორა“), გაიანე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ლიდია (ა. არბუზოვის „ძველმოდური კომედია), კირა (ი. ოლშანსკის „მუნჯი კინოს ვარსკვლავი“), ბებია (მ. ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), მარტა ( ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან“), ლედი (ტ. უილიამზის „ორფევსი ჯოჯოხეთში“) და სხვ. ბ-ს ხელოვნებისათვის ნიშანდობლივია შინაგანი დრამატიზმი, ტემპერამენტი. გამოირჩევა როლის შექმნის ანალიტიკური მიდგომით, სცენური დეტალის ოსტატობით, შინაგანი გარდასახვისაკენ სწრაფვით, პლასტიკურობითა და გამომსახველი ჟესტით, მუსიკალობით. ბ-ს დადებით გმირებს ახასიათებთ რბილი ლირიზმი, დიდი სითბო და ადამიანთა სიყვარული. საქ. სსრ IV–V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1985). მირებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე