ბურნაშოვი სტეფანე დანიელის ძე (8. X. 1743 – 31. III. 1824), რუსი სახელმწიფო მოღვაწე. პროფესიით სამხ. ინჟინერი. თავი გამოიჩინა რუს.-ოსმ. ომში. 1783 დაინიშნა რუს. მთავრობის წარმომადგენლად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და იმერეთის მეფე სოლომონ I-ის კარზე. ამასთან, მეთაურობდა გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) თანახმად საქართველოში გამოგზავნილ ბატალიონებს. ხელი შეუწყო ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის ურთიერთობის გაუმჯობესებას. 1787 რუს. ჯართან ერთად გაიწვიეს საქართველოდან. რუს.-ოსმ. 1787 – 91 ომში დამსახურებისათვის მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. 1791-იდან კურსკის სამეფისნაცვლოს („ნამესტნიჩესტვო“) გამგებელი იყო, 1798-იდან – სენატორი. სამსახურიდან გადადგა და გარდაცვალებამდე თავის მამულში, კურსკის გუბ. სოფ. სპასკოეში ცხოვრობდა. 1793 – 94 გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი, რ-ებშიც აღწერა საქართვ., ირანის, აზერბ. და კავკ. მთის ხალხთა პოლიტ. და ეკონ. მდგომარეობა. მნიშვნელოვანია მისი კარტოგრაფიული ნაშრომები. ბ-ის მოხსენებები რუს. მთავრობისადმი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII ს. 80-იანი წწ. საქართველოს ისტორიისათვის (გამოქვეყნებულია მათი ნაწილი).
თხზ.: Картина Грузии или описание политического состояния царств Карталинского и Кахетинского. Тфл., 1896.
ლიტ.: Бурнашев С. Н., Новые материалы для жизнеописания и деятельности С. Д. Бурнашева, бывшего в Грузии с 1783 по 1787 гг., СПб., 1901; в Грузии с 1783 по 1787 гг., СПб., 1901; Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. По Кавказу, Тфл., 1935.
ვ. მაჭარაძე