ბურჩხა

 ბურჩხა (Echinochloa), ერთწლოვან, იშვიათად მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს 20–120 სმ  სიმაღლის შიშველი ღეროები და ფართო ხაზური, გრძელი, უენაკო, ხალთიანი ფოთლები. ყვავილები შეკრებილია კვერცხისებრი ფორმის, თითო ყვავილიან თავთუნებად, რ-ებიც თავის მხრივ ცალგვერდა საგველა ყვავილედს ქმნიან. ნაყოფი მარცვალაა. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობაა ცნობილი; მათგან ორი (E. spiralis და E. oryzicola) ძალიან იშვიათად გვხვდება; E. coarectata მხოლოდ გარდაბანში იზრდება; ჰოლარქტიკული მცენარე E. crus-galli მთელ რესპუბლიკაშია გავრცელებული მთის შუა სარტყლამდე. აბეზარი სარეველაა, განსაკუთრებით ბრინჯისა და სიმინდის ნათესებში მრავლდება, გვხვდება აგრეთვე ტენიან ყამირ მიწებზე. კარგია როგორც საძოვრად, ისე სათივედ. ნაყოფს შინაური ფრინველების საკენკად იყენებენ.

                                                                                                                                ლ. ხინთიბიძე