ბურჭულაძე გენადი თორნიკეს ძე (დ. 11. IV. 1940, ოზურგეთი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკ. ენათა სპეციალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1987). დაამთავრა თსუ ფილოლ. ფაკ-ტი (1968). სამეცნ. მოღვაწეობას ეწევა საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტში, პედაგოგიურს – ცხინვალის პედ. ინ-ტის (ქ. გორში) ქართ. ენისა და ლიტ-რის კათედრაზე. ბ-ის ძირითადი შრომები ეხება ლაკურ-დარგუულ და ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტ. ფონეტიკას, მორფოლოგიას და ლექსიკას; ქართ. ენის გრამატ. საკითხებს ეძღვნება: „ინტერესის მიცემითის შესახებ ქართულში“ (1978), „ერთგვარშემასმენლიანი შერწყმული წინადადების შესახებ ქართულში“ (1978), „-ნიერ სუფიქსი ქართულში“ (1987) და სხვ. შრომებში „კვერცხის აღმნიშვნელი ფუძეები იბერიულ-კავკასიურ ენებში“ (1981), « „ცი“ („რა“) კითხვითი ნაცვალსახელის შესახებ ლაკურში» (1982), „მუხის ძველი სახელწოდების თაობაზე ლაკურში“ (1987) და სხვ. ბ-ის საგანგებო კვლევის საგანია იბერიულ-კავკ. ენათა საერთო ლექსიკა, როგორც ამ ენათა შორის რეგულარული სახის კანონზომიერი ბგერათშესატყვისობების დადგენის ერთადერთი წყარო.
თხზ.: ბრუნვათა შედგენილობისა და არსებით სახელთა ბრუნების პროცესების ძირითადი საკითხები ლაკურ ენაში, თბ., 1986; ლაკური ზმნა, თბ., 1987; ზმნური სიტყვათწარმოება ლაკურ ენაში, თბ., 1993.
მ. მაჭავარიანი