ბურჭულაძე ერმილე ესეს ძე (4. X. 1901, სოფ. სამება, ახლანდ. ჩოხატაურის რ-ნი, – 5. IX. 1970, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1934 დაამთავრა თსუ, იქვე – ასპირანტურა. 1934-იდან მუშაობდა სკკპცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალში უფროს მეცნ. მუშაკად, 1935–37 იყო გორის პედ. ინ-ტის ისტ. ფაკ-ტის დეკანი, 1937 – 39 – საქართვ. განატლების სახ. კომისარი, 1939 – 47 – თბილ. ა. პუშკინის (ახლანდ. ს.-ს. ორბელიანის) სახ. პედ. ინ-ტის დირექტორი და ფილოს. კათედრის გამგე, 1953–54 – თსუ-ის რექტორი, 1954–57 – საქ. კპ ცკ-თან არსებული პარტსკოლის პროფესორი. 1957-იდან საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მეცნ. კომუნიზმის კათედრის პროფესორი. ბ. იყო საქ. სსრ I – III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: სოციალისტური ერები განვითარების ახალ ეტაპზე, თბ., 1965; სოციალიზმზე არაკაპიტალისტური გადასვლის ლენინური თეორია და პრაქტიკა, თბ., 1970.
ზ. კრიხელი