ბურჯანაძე (ქალიშვილობის გვარი ბაქრაძე) ეკატერინე იოსების ასული [24. XI (6. XII). 1885, თბილისი,– 7. II. 1972, იქვე], პედაგოგი, საბავშვო მწერალი, მეთოდისტი, მთარგმნელი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1939). 1905 დაამთავრა თბილ. ქალთა გიმნაზია. მასწავლებლად მუშაობდა 40 წლის მანძილზე თბილ. საკვირაო, ქალთა საზოგადოების, მე-2 საქალაქო, მე-18 საშ. 53-ე საშ. სკოლებში, თანამშრომლობდა ჟურნ. „ნაკადულში“. მისი პედ. წერილები, მხატვრული მთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართ. ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. 1927-იდან თავის დასთან – ნინო ბოცვაძესთან ერთად დაიწყო მუშაობა სასკოლო დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების შედგენაზე. ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე მათ შეადგინეს საშ. სკოლის დაწყ. კლასების ქართ. ენის სახელმძღვანელო (1944), რ-იც რამდენადმე გადამუშავებული სახით დღესაც ხმარებაშია. ბ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ი. გოგებაშვილის მედალი.
ა. სამადაშვილი