ბურჯანაძე ვარლამ ამირანის ძე [22. X (3. XI). 1877, სოფ. ოჩბა, ახლანდ. ბაღდათის რ-ნი, – 7. X. 1941, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი, საზოგადო მღვაწე. 1896 დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია, 1898 – წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა. მასწავლებლობდა ქუთ. გუბერნიაში, საიდანაც პოლიტ. მოღვაწეობისათვის 1909 ადმ. წესით გაასახლეს. 1911 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზ-ბამ ვლადიკავკაზის ქართ. სკოლს გამგედ აირჩია. მაგრამ 1913 იქიდანაც დაითხოვეს, როგორც არაკეთილსაიმედო. 1914-იდან ამ საზ-ბის მდივანი იყო (1927 საზ-ბის ლიკვიდაციამდე). 1914–16 ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა ორგანიზაციას საქართველოში, 1919–20 იყო თბილ. საქალაქო საბჭოს სასკოლო კომისიის თავ-რე, 1919–20 – ჟურნ. „განათლების“ რედაქტორი (საზ. საწყისებზე), 1920–21 – სრულიად საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირის თავ-რე. ბ-ს ეკუთვნის 200-ზე მეტი მეთოდური და პედ. ხასიათის წერილი და ნარკვევი, თანაავტორია ქართ. ენის რამდენიმე სახელმძღვანელოსი. ბ-ის ფუნდამენტური ნაშრომი „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორია ამიერკავკასიაში“ და ამ საზ-ბის სკოლების ისტორია ხელნაწერის სახით გადაეცა ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნიერებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტს (1991-იდან ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. ეროვნ. ინ-ტი).
ლიტ.: ნაკაშიძე ნ., რჩეული ტ. 3, თბ., 1963; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968.
ა. სამადაშვილი