ბუტკოვი პეტრე გრიგოლის ძე [17 (28). XII. 1775, სლობოდა-ოსინოვო, ახლანდ. სტარობელსკის რ-ნი, ლუგანსკის ოლქი, – 12 (24). XII. 1857, პეტერბურგი], რუსი ისტორიკოსი. პეტერბ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1841), სენატორი (1849). სამხ. სამსახური დაიწყო კავკასიაში, ჯერ ვლადიმირის დრაგუნთა პოლკში, ხოლო 1797-იდან – თბილ. მუშკეტერთა პოლკში. 1801–02 კანცელარიის მმართველი იყო კავკ. მთავარმართებელ. კ. კნორინგთან, 1809-იდან–გენ.-ლეიტენანტი; მსახურობდა მოლდავეთში. 1811 სამხ. სამსახურიდან გადადგა. 1820–23 იყო ვორონეჟის გუბ. სასწავლებელთა დირექტორი. 1823-იდან მსახურობდა ჯერ მთავარ შტაბში, შემდეგ – განსაკუთრებულ დავალებათა მოხელედ ფინ. გენ.-გუბერნატორთან, 1828-იდან კი – შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბ. ძირითადად იკვლევდა რუს. უძველესი ხანის თვითმყოფ კულტურას. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის წყაროთმცოდნეობით თხზულებას ძვ. რუს. მატიანის შესახებ. მრავალი ნაშრომი მიუძღვნა კავკ. ისტ. საკითხებს. რაკი თავისი სამხ. სამსახურის წყალობით ბ-ს ხელი მიუწვდებოდა მეფის რუს. მეტად მნიშვნელოვან ისტ. საბუთებზე, ხოლო ამ დოკუმენტების დედნები დაკარგულია, მის მრავალ ცნობას კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ისტ. შესახებ პირველწყაროს მნიშვნელობა აქვს.
თხზ.: Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 гг., ч. 1–3, СПб., 1869.
ლიტ.: Полиевктов М. А., Евпорейские путешественники XIII–XVIII вв. По Кавказу, Тфл., 1935; ბ-ის ბეჭდური თხზ. და ხელნაწერების ბიბლიოგრ. იხ.: «Известия АН. Отделение русского языка и совесности», 1858, т. 7, с. 1–8.
გ. მეტრეველი