ბუქურაული ივანე ალექსის ძე (1869–1943), პედაგოგი, მწერალი, ფოლკლორისტი. ქართ. ზეპირსიტყვიერების მასალებს (თუშურს, იშვიათად ხევსურულს) აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბესა“ და „აკაკის კრებულში“. კრებ. „ძველ საქართველოში“ (II, 1913) გამოაქვეყნა 1895–1902 ქართ. პერიოდიკაში დაბეჭდილი თუშური ლექსები და მათი ვარიანტები, დაურთო კომენტარები და ლექსიკონი. ავტორია ნარკვევებისა: „თუშების თქმულებანი მეფე ერეკლე მეორის შესახებ“ („ივერია“, 1895), „ლაშარის ჯვარი და თამარ დედოფალი“ („მოამბე“, 1898) და ა. შ. ხალხ. გადმოცემებზეა დამყარებული ბ-ის მოთხრობები „ზურაბის კოშკი“, „მუცალხანი“ და სხვ.
ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 1, თბ., 1953; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.
ფ. ზანდუკელი