ბუღათაყური, ხევი და ციხესიმაგრე სამხრ. საქართველოში, ტაოში, ოლთისისწყლის ზემო წელზე (ახლანდ. თურქეთის ტერიტორია). ციხე ლოკალიზდება „ხუთვერსიანი“ რუკების ბუაყალასთან. ქართ. სახელწოდება „ბ.“ დაკავშირებულია „სომხური გეოგრაფიის“ (VII ს.) „ბუხასთან“ (ოლთისისა და მამროვანის ხევები). ბ. ქართ. წყაროებში პირველად იხსენიება XII დამდეგს „ცხოვრება მეფეთმეფისა დავითისაში“. ავტორი წერს: დავით აღმაშენებელმა „ჩამოვლო ბუღათაყური და დაწუნა ოლთისნი“. XIII ს. 40-იანი წწ. „ჟამთააღმწერლის“ ცნობით. ოლთისის და ბ-ის მხარეები ერზინკის სულთანმა დაიკავა, მაგრამ ივანე და სარგის ჯაყელ-ციხისჯვარელები „ბრძოდეს ოლთისთა და აღიღეს ოლთისნი და ბუღათაყურის ციხე იგი“. ამის შემდეგ ბ. წყაროებში აღარ იხსენიება.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1955–59.
ლიტ.: მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, თბ., 1980.
ა. თორდია