ბუღა თურქის ლაშქრობა 853–854, არაბთა ლაშქრობა თბილისის საამიროს დასამორჩილებლად და ამიერკავკასიაში ხალიფის ძალაუფლების აღსადგენად. ხალიფა მუთავაქილმა (847–861) თბილ. ამირას საჰაკ ისმაილის ძის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ბუღა თურქის სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის არწრუნის ცნობით, ბუღას ლაშქარში 200 ათ. მეომარი ითვლებოდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დალაშქვრის შემდეგ, 853 ზაფხულში, ბუღა საქართველოს შემოესია. მას შეუკავშირდნენ ტაო-კლარჯეთის მთავარი ბაგრატ I კურაპალატი და კახეთ-ჰერეთის სამთავრო. აფხაზთა სამეფო კი საჰაკს მიემხრო. ბუღა თურქი ისანში დაბანაკდა და საჰაკის წინააღმდეგ სარდალი ზირაქი გაგზავნა. ზირაქი 5 აგვ. მდ. მტკვარზე გადავიდა და თბილისში შეიჭრა. არაბები ანთებულ კუპრს ისროდნენ, ქალაქში ხანძარი გაჩნდა. საჰაკი შეიპყრეს და ბუღას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. შემდეგ ზირაქმა და ბაგრატ I-მა აფხაზთა მეფეც დაამარცხეს. მალე ბუღას ლაშქარი კახეთის დაბლობიდან მთიანეთში შეიჭრა. მთიელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ამასობაში დიდი თოვლი მოვიდა. არაბებს ცხენები იელის ჭამთ დაეხოცათ და დიდი ზარალი ნახეს. ბუღა საქართველოს გაეცალა და ბარდავში დაბანაკდა. მაგრამ 854 ისევ შემოესია საქართველოს და გარდაბანი ააოხრა; ბუღას ლაშქრობამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. არაბი ისტორიკოსის ალ-ტაბარის ცნობით, მარტო თბილისში 853 წელს დაიღპა 50 ათ. კაცი ქალაქი თითქმის მთლიანად გადაიწვა. მაგრამ ბუღას ლაშქრობათა მიზანი მაინც მიუღწეველი დარჩა – არაბთა ბატონობის განმტკიცება არ მოხერხდა.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: გუჩუა ვ., გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
ვ. გუჩუა