ბუღაძე გიორგი ივანეს ძე

ბუღაძე გიორგი ივანეს ძე (დ. 3. I. 1914, სოფ. ფხვენისი, ახლანდ. გორის რ-ნი), ხალხური მომღერალი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1987). ბ. თვითნასწავლი მუსიკოსია. ხალხ. სასიმღერო ხელოვნებას მამისეულ ოჯახში ეზიარა. 1940 დაამთავრა საქართვ. ხალხ. შემოქმედების რესპ. სახლთან არსებული ლოტბართა კურსები. 1935-იდან დაიწყო მოღვაწეობა როგორც მომღერალმა და ლოტბარმა. ასრულებს როგორც ხალხ., ისე ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც. მის რეპერტუარშია მრავალხმოვანი და სოლო სიმღერები. მრავალხმიან სიმღერებში („ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „ზამთარი“ და სხვ.) ასრულებს მთქმელისა და მოძახილის პარტიებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბ-ის მიერ ფანდურზე დამღერებული სოლო სიმღერები, რ-ებიც გამოირჩევა წმინდა ხალხ. მანერით, ვაჟკაცური ხასიათითა და ოპტიმისტური სულისკვეთებით. ბ. მრავალი სიმღერის ავტორიცაა („დედა“, „სატრფიალო“, „გამარჯვების სიმღერა“; საკუთარ ტექსტზეა დაწერილი „სიმღერა რუსთავზე“, „ჩვენ მშვიდობა გვინდა“, „მარად იცოცხლებს“ და სხვ.). საყოველთაო აღიარება მოიპოვა ბ-ის სიმღერებმა „ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი“ (ი. ნონეშვილის ლექსზე), „სიმღერა კაპიტან ბუხაიძეზე“ (ი. აბაშიძის ლექსზე) და სხვ. 1960-იდან ბ. ხელმძღვანელობს თბილ. ვაჭრობის მუაკთა კულტ. სახლთან არსებულ ომისა და შრომის ვეტერანთა ანსამბლს. იგი II მსოფლიო ომის მონაწილეა. მიღებული აქვს სახელმწ. მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.