ბუში ნიკოლოზ ადოლფის ძე [29. X (10. XI). 1869, ქ. სლობოდსკოი, ვიატკის გუბ., – 30. VIII. 1941, ქ. ბელოზერსკი],რუსი ბოტანიკოს-გეოგრაფი, ფლორისტი და სისტემატიკოსი. 1891 დაამთავრა ყაზანის უნ-ტი. 1893 სწავლა გააგრძელა პეტერბ. სატყეო ინ-ტში, რ-იც 3 წელიწადში დაამთავრა. აქედან მოყოლებული მთელი თავისი სამეცნ. მოღვაწეობა მიუძღვნა კავკ. ფლორის და მცენარეულობის შესწავლას. 1895-იდან იყო იურიევის (ტარტუს) უნ-ტის ბოტან. ბაღის დირექტორის თანაშემწე, 1902–12 – პეტერბ. ბოტან. ბაღის კონსერვატორი, 1912–31 განაგებდა რუს. მეცნ. აკად. ბოტან. მუზეუმისა და ბოტან. ინ-ტის კავკ. ჰერბარიუმს. ჯერ იურიევში, შემდეგ პეტერბურგში კავკ. ფლორის მკვლევართა ჯგუფი ჩამოაყალიბა. 1933 თბილისში ახლად დაარსებული ბოტან. ინ-ტის პირველი დირექტორი იყო. 1936 ჯავის რ-ნში სოფ. ერმანთან, ზ. დ. 2200 მ სიმაღლეზე, ჩამოაყალიბა მაღალმთის მდელოებისა და საძოვრების შემსწავლელი პირველი სტაციონარი საქართვ. ტერიტორიაზე. 1901-იდან ნ. კუზნეცოვთან და ა. ფომინთან ერთად რედაქტორობდა კაპიტალურ ნაშრომს „კავკასიის ფლორას“ („Flora Caucasica critica”), ვ. მარკოვიჩთან, ი. ვორონოვთან და ნ. კუზნეცოვთან ერთად გამოსცა კავკ. ფლორის ექსიკატების („Flora Caucasica critica”) 15 ნაკვეთი. მონოგრაფიულად დაამუშავა ჯვაროსანთა, ბაიასებრთა და ყაყაჩოსებრთა ოჯახები. შექმნა ბოტან. ორიგინ. სახელმძღვანელო, აღწერა კავკ. მცენარეთა ბევრი ახ. სახეობა. მისი სახელი ეწოდა მცენარეთა ერთ გვარსა და მრავალ სახეობას. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველ ბოტანიკოსთა (ა. ლორთქიფანიძე, გ. კვარაცხელია, პ. ცაგარელი) აღზრდის საქმეში. გარდაიცვალა ლენინგრადიდან საქართველოში ევაკუაციის დროს.
ზ. ღვინიანიძე
ლ. ხინთიბიძე