ბუჩაანი

ბუჩაანი, სოფელი დუშეთის რ-ნში (ჭართლის სოფლის საკრებულო), გუდამაყრის ქედის აღმ. კალთაზე, მთიულეთის არაგვის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 960 , დუშეთიდან 51 კმ. 45 მცხ. (1989). მეცხოველეობა. არასრული საშ. სკოლა სოფ. ჭართალში.

     სოფლის სამხრ-ით, 2 კმ-ზე, ტყიანი მთის წვერზე აღმართულია წმ. გიორგის ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ძირითადი ნაგებობაა გარსშემოსავლელებიანი დარბაზული ტიპის IX–X სს. ეკლესია. ინტერიერში, დარბაზის აღმ. ნაწილში, 2 საფეხურით შემაღლებული სწორკუთახა საკურთხეველია, რ-იც გადახურულია შებრტყელებული კამარით. ჩრდ. და სამხრ. კედლები  დანაწევრებულია პილასტრებით, რ-თა პროფილიან კაპიტელებს გადამხური კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. დარბაზი შელესილია და მდიდრულადაა მოხატული. გარსშემოსავლელები მოგვიანებითაა მიშენებული. ერთ-ერთში – სამხრ. ნაწილის აღმ. მონაკვეთში, საძვალეა. ეკლესიის ფასადები მარტივია. ეკლესიის დას-ით 2 დანგრეული სათავსის ნაშთია, ხოლო სამხრ-ით, ფერდობში, შეჭრილია ბერთა საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულები ნაგებობები. სოფლის აღმ-ით, მდ. მთიულეთის არაგვის მარცხ. ნაპირას, ფერდობზე, ბუჩაანთკარის ნამოსახლარია. გასენებულია მშრალი ხევის ორივე მხარეს და 3 კომპლექსისაგან შედგება. პირველი კომპლექსი მთიულური კალოიანი სახლია, სადაც I სართული წარმოადგენს მოზრდილ საცხოვრ. სათავსს (საქონელთან ერთად), ზედა კი – კალოს. ნაგებია სწორ ჰორიზ. რიგებად ნაწყობი კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით. მეორე კომპლექსი შედგება 3 სათავსისაგან, მათგან 2 (გომური და სამყოფი) ქვედა ტერასაზეა, მესამე (საცხოვრებელი) – ზედა ტერასაზე ისე, რომ ქვედა სათავსების ბანი მისი წინა ეზოა. ნაგებია შერეული წყობით, კირხსნარითა და თიხის ტალახით, მესამე კომპლექსი ორ სართულად განლაგებული ოთხი სათავსისა და კალოსაგან შედგება. ქვედა ტერასაზე 2 დიდი სათავსი – გომური და სამყოფია, რ-ის თავზეც, მეორე სართულზე, 2 სათავსია და გომურის ბანი მათ აივანს თუ წინა ეზოს წარმოადგენს. ზედა ტერასაზე კალოა. საყურადღებოა ორსართულიანი ნაგებობის გადახურვის კონსტრუქცია – შუა ხაზზე და გვერდის კედლების გაყოლებით, წყვილ-წყვილად ექვს-ექვსი სვეტი დგას (სულ 18). ყოველი წყვილიდან თითო სვეტი I სართულის სიმაღლეზეა და სართულშორის გადახურვას იკავებს. II კი მთელი შენობის სიმაღლეზეა და სახურავი უჭირავს. ეს გარემოება მოწმობს, რომ მთელი ნაგებობა ერთდროულადაა აშენებული და დიდი ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენდა. ბ-ის კომპლექსები ნათლად წარმოადგენენ გვიანდ. შუა საუკ. საქართვ. მთიანეთში არსებული საცხოვრებლის არქიტ. სახეს. ტერასულად განლაგებული დაგეგმარების პრინციპით ემსგავსება ჟინვალის განვითარებული შუა საუკ. განათხარ ძეგლებს, რაც მოწმობს სამშენებლო ტრადიციების უწყვეტ არსებობას არაგვის ხეობის მთასა და მთისწინეთში.

     ლიტ.: რჩეულიშვილი გ., ვაჩნაძე მ., ბუჩაანთკარის ნამოსახლარი, კრ.: არქეოლოგიური ძიებანი, თბ., 1985.

                                                                                              გ. რჩეულიშვილი 

გ. ბაგრატიონი