ბუჩუკუნი

ბუჩუკუნი, ნასოფლარი და ციხე ბოლნისის რ-ნში, ისტორიულ დმანისხევში (ქვემო ქართლი), მდ. მაშავრის მარჯვ. შენაკადის კაზრეთისხევის მარჯვნივ, ბოლნისისწყლის და დმანისხევის წყალგამყოფ ქედზე, დღევანდელი მადნეულის მახლობლად. მადნით მდიდარ ამ ქედს ადრევე მიუქცევია მოსახლეობის ყურადღება, რასაც მოწმობს მისი სახელი – რკინის მთა და ამ მთიდან გამომდინარე, ფოლადაურის მარცხ. შენაკადის სახელი – რკინისწყალი. სოფლისა და ციხის მიდამოებში მრავლადაა ფეოდ. ხანის ქურებისა და რკინის გამონამუშევართა ნაშთები. მოზრდილ ნასოფლარს (მას ახლა ბუჩურაშენს უწოდებენ) შემორჩენია პატარა ნაეკლესიარის ბუდე, რ-ის ირგვლივ სასაფლაოა. ნასოფლარი მახლობლად ასევე ბუჩურაშენის სახელით ცნობილი მეორე ეკლესია-სამლოცველო იდგა. ბ-ის ციხე აგებულია კლდის თხემზე, გეგმით სამკუთხა მთავარ კოშკს მოზრდილი ფართობი უჭირავს. შერჩენილია 3 სართული, კედლებში დატანებულია სამზერები, სათოფურები და ხის კოჭების ბუდეები. მცირე ეზო კედლის ნაშთითაა შემოზღუდული. აქვეა მეორე, ჰორიზ. მწკრივებად ნაწყობი თანაბარი, საშ. ზომის ქვებით ნაგები, გეგმით ოთხკუთხა კოშკის ნანგრევი. იგი ადრეფეოდ. ხანისა უნდა იყოს. ციხე და ნასოფლარი თანადროულები ჩანან და ფეოდ. ხანის მთელ მანძილზე არსებობდნენ. წერილობით წყაროებში მათზე ცნობები არ შემოგვრჩენია.

     ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ბოლნისის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, წგნ.: საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, [ტ.] 2, თბ., 1964.

                                                                                                                         დ. ბერძენიშვილი