ბუჩურაშენი, ბუჩურიანი, განვითარებული შუა საუკ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მიკვლეულ იქნა 1964 ბოლნისის რ-ნში დაბა კაზრეთის ჩრდ.-აღმ-ით 3–4 კმ-ზე, ძვ. ნასოფლარის ბუჩუკუნის მახლობლად. დაანგრიეს მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობის დროს (1970). სწორკუთხააფსიდიანი პატარა (3,2 X 2,2 მ) დარბაზული ეკლესია ნაგები იყო ნატეხი ქვით. იგი საყურადღებოა როგორც თავისი გეგმით, ისე ადრინდ. ქრისტიანული ხანის ქვის რელიეფებით, რ-თა ნაწილი ჩაშენებული იყო მის კედლებში, ნაწილი მის მახლობლად ეყარა. გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეკლესიის მიწისზედა ნაწილი ამოყვანილი იყო თლილი კვადრებით ნაგებ ძვ. ნანგრევებზე. როგორც ირკვევა, ამ ადგილზე იდგა ადრინდ. ქრისტიანული ხანის ეკლესია, რ-ის ნაშთიც არის აქ აღმოჩენილი. სტელებისა და ბაზების ფრაგმენტები, ქვის ძეგლები თავისი ფორმით, შემკულობის თემატიკითა და მოტივებით, აგრეთვე შესრულების ტექნიკით უახლოვდება ბოლნისის სიონისა და იმ დროის სხვა ცნობილი ძეგლების რელიეფებს, რაც მისი V–VI სს-ით დათარიღების საშუალებას იძლევა. ბ-ის ეკლესიაში აღმოჩნდა სტელის ბაზისი ბერძნ. რელიეფური წარწერით. საიდანაც ირკვევა, რომ სტელა აღუმართავთ სიმეონსა და ავლიანეს თავიანთი ოჯახების სალოცავად, ხოლო თეოდორე ყოფილა ამ საქმის შემსრულებელი ოსტატი. წარწერა თარიღდება VII–IX სს-ით (დაცულია ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში).
ლიტ.: ყაუხჩიშვილი თ., კაზრეთის ბერძნული წარწერა, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1967, ტ. 27B; ჯაფარიძე ვ., ჩვენი ისტორიის ერთი მემატიანე, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 39.
დ. ბერძენიშვილი
შ. საღრაძე