ბუჩქნარის მემინდვრია [Microtus (pitymys) majori], ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, სამხრ. ამერიკასა და კავკასიაში. ბინადრობს ფოთლოვან და ნაწილობრივ შერეულ ტყეში, ბუჩქნარებში, მთაგორიან მდელოებზე. ვერტიკალურად ვრცელდება 2300 მ-მდე. ბუდეს იკეთებს სოროში, რ-საც თვითნვე თხრის. შობს 3–4 ნაშიერს. წლის განმავლობაში მრავლდება 2–3-ჯერ. იკვებება მარცვლოვანი კულტურებით, ბალახით, თესლით, ბოლქვებით და ფესვებით. იძლევა რამდენიმე ქვესახეობას. საქართველოში გავრცელებულია მცირეაზიური ბ. მ. [M. (Pitymys) m. majori], ბინადრობს ახალციხისა და ახალქალაქის ზეგნებზე, აჭარაში, აფხაზეთში, სვანეთში, რაჭაში, შიდა ქართლში; სურამული ბ. მ. (M. m. Suramensis), გვხვდება კავკასიონის ცენტრ. ნაწილში, სურამთან, თრიალეთის ქედზე; დაღესტნური ბ. მ. (M. m. dagestanicus), გვხვდება თუშეთში, ხევსურეთში.
გ. ენუქიძე