ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) ალექსანდრე ბეჟანის (ბორისის) ძე (24. VIII. 1825 – 28. II. 1902, თბილისი), რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1893), ერეკლე II-ის მინბაშის (ათასისთავი) ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი. სწავლობდა ჯერ თბილ. გიმნაზიაში, 1837–44 – პეტერბ. კადეტთა კორპუსში. მსახურობდა ცარსკოე-სელოს საარტ. ბატარეაში. ბესარაბიაში, 1848-იდან – ვლახეთში. წყაროების მიხედვით აქ მან ფარული დახმარება აღმოუჩინა ლაიოშ კოშუტს, რითაც ალყაში მოხვედრილი უნგრ. რევ. არმია განადგურებას გადაარჩინა. 1851-იდან ბ. ჩრდ. კავკასიაში გადაიყვანეს. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) და რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში. მსახურობდა ფინეთში (1887–92) საარტ. ბრიგადის მეთაურად. 1893 სამხ. სამსახურიდან გადადგა. იყო მრავალი ორდენის კავალერი. დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში.
ლიტ.: შონია მ., მოგონება და სინამდვილე, «ცისკარი», 1966, № 3; Потто В., Фамилия Бучкиевых в столетнем служении ее России, Тфл., 1901.
მ. შონია