ბუხნიკაშვილი ალექსანდრე ვარდენის ძე [22. V (4. VI). 1909, სურამი, ახლანდ. ხაშურის რ-ნი, – 1. V. 1983, თბილისი], გეოლოგი და გეოფიზიკოსი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1931 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტი. მუშაობდა ამიერკავკ. გეოლ.-საძიებო სამმართველოში, 1934-იდან – სსრკ მეცნ. აკად. ამიერკავკ. ფილიალის გეოფიზ. ინ-ტში. 1937–53 ხელმძღვანელ სამუშაოზეა. 1953 – 72 იყო საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზ. ინ-ტის დირექტორი, 1972–75 – ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე, 1975-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის თავ-რის მოადგილე. ძირითადი შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოფიზ. მეთოდებით (ელექტროძიება) კვლევის, აგრეთვე სეტყვის ღრუბლებზე აქტ.ზემოქმედების დარგში. სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის მეცნიერთა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1969). იყო საქ. სსრ II და III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Электроразведка в рудной геологии Закавказья, Тб., 1962; Электротеллурическая сьемка и магнитотеллурическое зондирование на територии Восточной Грузии, Тб., 1969 (თანაავტ.); Геофизическая разведка Аджарской группы медно-полиметаллических месторождений, Тб., 1974 (თანაავტ.).
ვ. ჯავრიშვილი