ბუხნიკაშვილი გრიგოლ (გუგული) ვარდენის ძე (20. V. 1897, სურამი, – 30. VIII. 1979, თბილისი), თეატრმცოდნე, თეატრ. მოღვაწე, მწერალი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1950). დაამთავრა თბილ. პედ. (1930) და საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრ. (1950) ინ-ტები. 1911 – 13 სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში მონაწილეობდა სურამსა და ხაშურში, თბილ. ნაძალადევის სახ. სახლის თეატრ. დასში (1916–20). იყო პროლეტ. მწერალთა ასოციაციის (1921) ერთ-ერთი დამაარსებელი, 1926–27– თბილ. რუსთაველის სახ. თეატრის დირექტორი, 1928 – 32 – თბილ. სატირის თეატრისა და სასოფლო მოძრავი თეატრების დამაარსებელი და ხელმძღვანელი, 1932–36–თბილ. სამხატვრო აკად. დირექტორი, 1936 – 39 –ხელოვნ. მუზეუმის „მეტეხის“ დირექტორი, 1939-იდან სიცოცხლის ბოლომდე – საქართვ. თეატრ. მუზეუმის დირექტორი. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1914-იდან. მისი სატირულ-იუმორისტული ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებში. დაწერილი აქვს 60-ზე მეტი პიესა. მისი პირველი კომედიები: „შეშინებული ანთიმოზი“, „მენშევიკები პარიზში“, „კი, მაგრამ“ და სხვ. წარმატებით იდგმებოდა საქართვ. თეატრებში. 30-იანი წლებიდან აქვეყნებდა მონოგრაფიებსა და გამოკვლევებს ქართ. თეატრის ისტ. საკითხებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ნაშრომი „ქართული თეატრის მატიანე. 1850 – 1917“ (ხელნაწერი დაცულია საქართვ. თეატრ. მუზეუმში), რ-იც შეიცავს სრულ ბიბლიოგრაფიას რევოლუციამდელი ქართ. თეატრის შესახებ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: პიესები, ტფ., 1929; თერთმეტი პიესა, ტფ. – ბათ., 1932; კოტე მარჯანიშვილი, თბ., 1947; ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე. მოკლე მიმოხილვა. [თბ.], 1950; აკაკი ვასაძე, თბ., 1960; თამარ ჭავჭავაძე, თბ., 1961; წერილი თეატრზე, [თბ.], 1964; გორის თეატრი, თბ., 1965; ჭიათურის თეატრი, თბ., 1970; ქუთაისის თოჯინების თეატრი, თბ.,1972 (თანაავტ. ე. შაფათავა); ნიკო გოცირიძე, თბ., 1972; თეატრალური ქუთაისი, თბ., 1976; ქართული თეატრი ახალი ეპოქის მიჯნაზე, თბ., 1976; ბათუმის თეატრი, თბ.,1979.
შ. ცუცქირიძე