ბუხჰალტერია

ბუხჰალტერია (გერმ. Buch – წიგნი, დავთარი და halten – ფლობა, დაცვა, შენახვა), 1. ბუხჰალტრული აღრიცხვის წარმართვა; 2. გაერთიანების (საწარმოს), ორგანიზაციის, დაწესებულების ანგარიშწარმოების სამუშაო ადგილი; 3. დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვეგანყ-ბა, რ-იც აღრიცხავს სამეურნეო საქმიანობის პროცესში მომხდარ ცვლილებებს ორმაგი ჩაწერის წესით (ნატურალური და ფულადი გამოსახულებით) და ადგენს საბუხჰალტრო ანგარიშგებას.

     საქართველოში საბუხჰალტრო აღრიცხვას დიდი ხნის ისტორია აქვს. შუა საუკ. ძვ. საკანონმდებლო საერო და საეკლესიო ძეგლებში ფართოდ არის წარმოდგენილი ბუხჰალტრული არრიცხვის ტერმინები–ცნებები („აღრიცხვაჲ“, „აღწერა“, „დავთარი“ და სხვ.).

     საქართველოში კაპიტალიზმის განვითარებამ ხელი შეუწყო ბუხჰალტრული აღრიცხვის შემდგომ სრულყოფას. პრესაში დაიწყო ცნობების გამოქვეყნება სამეურნეო აღრიცხვის შესახებ. აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფ. გოგიჩაიშვილმა, რ-ის რედაქციით 1903 გამოვიდა „საქართველოს კალენდარი“ (მასში მოცემული იყო ცნობები სახ. მეურნ. აღრიცხვის შესახებ); 1914 დაიბეჭდა კ. კანდელაკის „ანგარიშთა და საქმეთა წარმოების“ პირველი ქართული წიგნი. ბუხჰალტრული აღრიცხვის თეორიაში ქართ. ენაზე პირველი წიგნი „ბუხჰალტერია“ (დავთარწარმოება) დაიბეჭდა 1918. წიგნის ავტორი იყო ს. ტარუაშვილი. იმავე წელს გამოიცა ა. კახელაძის წიგნი „ანგარიშწარმოების მოკლე სახელმძღვანელო სამომხმარებლო კოოპერატივებში“.

     საქართველოში ბუხჰალტრული აღრიცხვის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო („ბუხჰალტერიის ზოგადი კურსი“) გამოსცა პროფ. ა. ინწკირველმა 1924. აღრიცხვაში და ეკონ. ანალიზში ორიგინ. და დამხმარე სახელმძღვანელოების მომზადების სათანადო ყურადღება მიექცა 30-იანი წლებიდან მოყოლებული; მომზადდა და გამოიცა ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები ბუხჰალტრულ აღრიცხვასა და ანალიზში (ა. ინწკირველი, ზ. ინწკირველი, კ. გიგინეიშვილი, გ. გურგენიძე, ლ. ასათიანი, გ. ყუფარაძე, პ. ლანდია, ნ. ლაჭყეპიანი, ლ. მამისაშვილი, ნ. დგებუაძე, შ. გოგებაშვილი და სხვ.).

     ბუხჰალტრული აღრიცხვის დარგში კადრების მომზადებას დიდად შეუწყო ხელი 1899 ფოთი კ. გიგინეიშვილის მიერ დაარსებულმა საბუხჰალტრო კურსებმა. ბუხჰალტრული აღრიცხვის სპეციალისტებს 50-იან წლებამდე ამზადებდა ტექნიკუმები, შემდეგ კი – თბილ. სახელმწ. უნ-ტი (1954–85) და მოსკ კოოპ. ინ-ტის ფაკ-ტი (1965–85), ამჟამად კი–თსუ (1993), გორის ეკონ. ინ-ტი, საქართვ. აგრ. უნ-ტი. ბუხჰალტრული აღრიცხვის პროფილით საშ. კვალიფიციურ სპეციალისტებს ამზადებს 6 ეკონ. და რამდენიმე სას.-სამ. და კოოპ. ტექნიკუმი და კოლეჯი. ბ-ის კურსი იკითხება ეკონ. პროფილის ფასიან უმაღლეს სასწავლებლებში. საქართველოში მოქმედებს ბუხჰალტრული აღრიცხვის პროფილით მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა.

                                                                                                                                ჭ. ადეიშვილი