ბღაჟბა ხუხუტი სოლომონის ძე (დ. 15. X. 1914, სოფ. გუფი, ახლანდ. ოჩამჩირის რ-ნი), აფხაზი მწერალი, კრიტიკოსი, ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1969), აფხ. მეცნ. დამს. მოღვაწე, დ. გულიას სახ. პრემიის ლაურეატი (1986). სხვადასხვა დროს იყო გაზ. „აფსნი ყაფშის“ რედაქტორი, აფხ. მწერალთა კავშირის თავ-რე, საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს თავრის მოადგილე, საქართვ. მეცნ. აკად. დ. გულიას სახ. აფხ. ენის, ლიტ-რისა და ისტ. ინ-ტის დირექტორი, ამავე ინ-ტის ლიტ-რისა და ფოლკლორის განყ-ბის გამგე. 1932-იდან იბეჭდება მისი გამოკვლევები აფხ. ენის, ლიტ-რის, ფოლკლორის, აფხ.-ქართ. კულტ. კავშირების შესახებ. ბ-ს ძირითადი ნაშრომებია: „აფხაზური ენის ბზიფური დიალექტი“ (1964), „აფხაზური დამწერლობის ისტორიიდან“ (1967) და სხვ. კ. შაყრილთან ერთად შეკრიბა და 1940 გამოსცა „აფხაზური ზღაპრები“ (ტ. 1). ბ. რამდენიმე სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორია.
თხზ.: ირმის შვილი. აფხაზური ზღაპრები, თქმულებები, იგავები (შეკრებ. და დამუშ. ხ. ბღაჟბას მიერ), თბ., 1966; Этюды и исследования, Сух., 1974; Страницы из летописи дружбы. Тб., 1983.
თ. გვანცელაძე