ბურსაჭირი (ყოფ. მაცხუბანი), სოფელი დუშეთის რ-ნში (გუდამაყრის სოფლის საკრებულო), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, გუდამაყრის უღელტეხილის ძირას, მდ. ბურსაჭირისხევის (გუდამაყრის არაგვის ერთ-ერთი მდგენელი) მარჯვ. ნაპირას ზ. დ. 1920 მ, დუშეთიდან 60 კმ. 1989 აღწერით მუდმივი მოსახლეობა არ არის.
სოფლის სამხრ.-აღმ-ით ძვ. ნასოფლარია, რ-საც ვანის კარს უწოდებენ. ბ-ისკენ ასასვლელი გზის მარჯვ. მხარეს მშრალად ნაწყობი კლდის ნატეხი ქვით ნაგები 2 სათავსია. ნამოსახლარის აღმ-ით დაახლ. 100–150 მ-ზე ფრიალო კლდეა, მის ტერასებზე გასამაგრებელი ნაგებობაა მოწყობილი, რ-ისგანაც შემორჩენილია განვითარებული შუა საუკ. გალავნით შემოზღუდული 4 სათავსის ნაშთი (40 X 60 მ), მათგან სამი ციცაბო კლდის ჩრდ. მხარესაა, საიდანაც ვიწრო ლავგარდანს მიჰყვება გასასვლელი სამი მხრიდან მიუდგომელ მეოთხე სათავსისაკენ. გალავანს შესასვლელი ჩრდ-იდან და სამხრ-იდან აქვს. ეს ძეგლიც მშრალად ნაწყობი კლდის ქვითაა ნაშენი.
ი. წიკლაური