აბორტი

აბორტი (ლათ abortus), მუცლის მოწყვეტა, მუცლის მოშლა, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე. არსებობს თავისთავადი (სპონტანური) და ხელოვნური ა. თავისთავადი ა-ის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზ. და ფსიქ. ტრავმა (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) ან თვით ნაყოფის დაავადება. ხელშემწყობი მიზეზებიდან აღსანიშნავია საშვილოსნოსა და საკვერცხეების განუვითარებლობა, საშვილოსნოს სიმსივნე, სასქესო ორგანოების ანთება, ორსულთა ტოქსიკოზი, ინფექციური დაავადება, დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა რეზუს-ფაქტორის მიხედვით და სხვ. ხელოვნური ა. ეწოდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე ორსულობის შესაწყვეტად უშუალო ზემოქმედებით გამოწვეულ ა-ს. ხელოვნური ა. უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, ხშირად იწვევს მძიმე გართულებებს, სასქესო ორგანოების ანთებას, ჰორმონული ფუნქციისა და მენსტრუალური ციკლის მოშლას, ნაადრევ სიბერეს, უშვილობას და სხვ. განსაკუთრებით მავნეა ა. პირველი ორსულობის დროს. უკანონო ა.-ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა კანონით დადგენილი წესის დარღვევით სისხლის სამართლის დანაშაულია (საქართვ. სისხლის სამართ. კოდ.).

     თვით ქალი ა-თვის პასუხს არ აგებს.

   ძვ. საქართველოში მუცლის მოშლა მკაცრად ისჯებოდა. ვატანგ VI-ის სამართ. წიგნთა კრებულის თანახმად („სამართალი ბერძნული“, მ. 76 77) ქალს, რ-იც რაიმე წამლით მუცელში შვილს მოიკლავდა, სამშობლოდან დროებით გააძევებდნენ. მუცლის მოსაშლელი წამლის მიმცემს, თუ იგი ღარიბი იყო, მეფისაგან შეპყრობა, ცემა და გამაწბილებელი სასჯელი (გაკრეჭა, ვირზე შესმა და სხვ.) მოელოდა, ხოლო თუ მდიდარი-დარბევა და გაძევება; თუ წამლის მიღების შემდეგ ქალი მოკვდებოდა, დამნაშავეს თავს მოჰკვეთდნენ.                                                                                                                                                                                     

  პ. კინტრაია   

ი. ფუტკარაძე