ამიერკავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების (Rodenttia) რიგისა. სხეულის სიგრძე 25 – 26 სმ აღწევს, კუდისა - 17 სმ. ბეწვი მოწითალო ან მუქი წაბლისფერია, მდარე; მუცელი მოთეთრო-მოყვითალო. ყურებზე ფუნჯები არა აქვს, კუდიც ნაკლებფუმფულაა. გავრცელებულია ამიერკავკასიაში, მცირე და წინა აზიაში, ირანში. ბინადრობს წიფლის, მუხისა და შერეულ ტყეებში, თხილისა და კაკლის ბაღებში, ადამიანის დასახლების ადგილებში. იკვებება წიწიბოთი, თხილით, ნიგვზით, მცენარეთა ყლორტებით, კვირტებით. ვერტიკალურად ვრცელდება ზ. დ. 2000 მ-მდე. არ მიგრირებს. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის ქედის სამხრ. კალთებზე, თრიალეთის, გურია-აჭარის, ქართლ-იმერეთის ქედებზე, აჭარაში, აფხაზეთში, ცივგომბორისა და გარდაბნის ტყეებში, ალაზნის ჭალებში. ჩვეულებრივი ციყვის (Sciurus vulgaris) აკლიმატიზაციის შედეგად საქართველოში ა. ც-ის არეალი და რაოდენობა მცირდება. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
გ. ენუქიძე