ბანა, სამხრ.-დას. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე (ამჟამად თურქ. საზღვრებშია). მდებარეობს თანამედროვე სოფ. ფენიაქიდან 2 კმ-ზე. მდ. ბანის (ფენიაქ-ჩაი) მარჯვ. ნაპირზე, ჭოროხის ხეობაში. VII ს. შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (888 – 923) დააარსეს ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადააკეთეს. ზოგჯერ ბ. მეფეთა სამყოფელი და საძვალეც იყო.
ბ-ის ტაძარი ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. კონსტრუქციული თვალსაზრისით ორიგინ. და რთული ნაგებობაა. იშხნის (ტაო), ლექეთის (ისტ. ჰერეთი, ახლა აზერბ. რესპ. ფარგლებშია) ტაძრებთან და ორ სომხ. ძეგლთან (ზვართნოცის და გაგიკის ტაძრები) ერთად იგი სალტისებრ გარშემოსავლელიანი, მრგვალი ტაძრების ჯგუფს მიეკუთვნება. გეგმას საფუძვლად უდევს ტეტრაკონქი, რ-ის გარშემო ორი კონცენტრული წრით შექმნილია უწყვეტი გარსშემოსავლელი გალერეა. აფსიდები ქვემო ნაწილში გახსნილია სვეტებზე დაყრდნობილი ნალისებრი გამჭოლი თაღებით - აქედან შედიოდნენ შუაგულ ტაძარში. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის სვეტები დგას შემაღლებით, ქვის ბარიერზე. ტეტრაკონქის ოთხ მკლავს შორის, ე. ი. ოთხივე კუთხეში, ისევე როგორც მცხეთის ჯვრის ტიპის ძეგლებში, პატარ-პატარა ოთახებია, მაგრამ მათგან განსხვავებით, ამ ოთახების თავზე კიდევ ორ-ორი სართულია, ე. ი. კუთხეებში
ოთახები სამ-სამ იარუსადაა განლაგებული. ეს კუთხის ნაწილები იმავე დროს ძირითადი ბურჯებიც იყო, რ-ებასც გუმბათი ეყრდნობოდა. ტაძრის გარეგნული სახე შედგება ორი ცილინდრისაგან: ერთი, ქვემოთა, უფრო ფართოა, შეესაბამება შენობის კორპუსს, მოიცავს თვით ტეტრაკონქს, გარშემოსავლელს და ამ უკანასკნელის თავზე მოთავსებულ II სართულის გალერეას; მეორე კი გუმბათის ყელია, რ-ის დიამეტრი გაცილებით უფრო მცირეა (10 მ-მდე). შიგა სივრცის სიმაღლე ვარაუდით 32 მ აღწევდა, ფუძის დიამეტრი - 38 მ. განსაკუთრებით საინტერესოა ტაძრის შიგა მორთულობა, კერძოდ, მრგვალი სვეტები ორიგინ. კაპიტელებით, რ-ებიც იონიური სვეტისთავების სახეშეცვლილ გამოძახილს წარმოადგენს. გარედან ქვემო ცილინდრის მთელ გარშემოწერილობას დეკორ. თაღების უწყვეტი მწკრივი მისდევს, თაღებს ზემოთ კი სამკუთხა არეებში სტილიზებული ბროწეულის რელიეფური გამოსახულებებია. შიგნით, საკურთხევლის აფსიდში, მეორე და მესამე სართულების ოთახების თაღებქვეშ შემორჩენილია ბათქაშისა და ფრესკების კვალი. ტაძარი შიგნით და გარედან თლილი ქვითაა ნაგები. იგი ამ ტიპის ძეგლთაგან კონსტრუქციულად უფრო სრულყოფილი გამოდგა. XIX ს-მდე შედარებით კარგად იყო შემონახული. ყირიმის ომის (1853 – 56) დროს თურქებმა ციხესიმაგრედ აქციეს, გაუკეთეს დანაშენი და სამხრ-იდან და აღმ-იდან თითო კოშკი მიადგეს. შემდგომ წლებში იგი თანდათან ინგრეოდა. ბ-ის შესახებ ცნობები XIX ს. I ნახ. მკვლევარ-მოგზაურთა ნაწერებში გვხვდება, მაგრამ მისი პირველი გამოკვლევა ეკუთვნის ე. თაყაიშვილს, რ-იც 1902 – 1907 იყო იქ. მისი ექსპედიციების წყალობით შემოგვრჩა არქიტექტორების ს. კლდიაშვილისა (1902) და ა. კალგინის (1907) მიერ შესრულებული ბ-ის ტაძრის ანაზომები და რეკონსტრუქცია.
დიდი ტაძრის ჩრდ-ით, გალავნის გარეთ, მრავალკუთხედში ჩასმული მცირე ზომის ტეტრაკონქის ნანგრევებია, სამხრ.-აღმ-ით კლდეებში გამოქვაბულებია, ერთ-ერთ მათგანში მცირე დარბაზული ეკლესიაა. მაჰმადიანთა ძალმომრეობის გამო ბ-ში გაჩაღებული ლიტ. საქმიანობის შესახებ ცნობები ნაკლებადაა მოღწეული. აქ მოღვაწეთაგან შეგვიძლია დავასახელოთ მხოლოდ ზაქარია ბანელი (X – XI სს.), რ-ის თაოსნობით დამზადებულია რამდენიმე ძვირფასი ხელნაწერი.
ლიტ.: მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962; მეფისაშვილი რ., თუმანიშვილი დ., ბანას ტაძარი, თბ., 1989; ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ.,1936; Беридзе В. В., Архитектура Тао-Кларджети, Тб., 1981; Такайшвили Е., С., Христианские памятники, «Материалы по археологии Кавказа», 1909, в. 12.
ვ. ბერიძე
ლ. მენაბდე