ევსტათი თესალონიკელი (Eustathios ho Thessalonikeus) (გ. 1195), ბიზანტიელი თეოლოგი და კომენტატორი, წარმოშობით ქ. კონსტანტინოპოლიდან. თავდაპირველად იყო მირის ეპისკოპოსი ლიკიაში, 1175-იდან – თესალონიკეს მიტროპოლიტი. მას ეკუთვნის თეოლ. ტრაქტატები და წერილები. დიონისე პერიეგეტეს ეპიკური პოემის მისეული სქოლიოები შეიცავს სტეფანე ბიზანტიელისა და არიანეს ამჟამად დაკარგულ ფრაგმენტებს. მნიშვნელოვანია ე. თ-ის ჰომეროსის „ილიადისა" და „ოდისეის" კომენტარები, რ-ებიც შეიცავს ამონარიდებს ამ თხზულებების იმ კომენტატორთა სქოლიოებიდან, რ-თა შრომებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ე. თ გვაწვდის ცნობებს კოლხეთისა და მისი დედაქალაქის სახელწოდების, არგონავტების, იასონისა და მედეას შესახებ. შრომაში „თესალონიკეს აღება ნორმანების მიერ 1185 წელს" („De Thessalonica alatinis capta") ქალაქის დამცველთა შორის ე. თ. განსაკუთრებით აღნიშნავს იბერებისა და ალანების გულადობას. აქვე უთითებს, რომ ქალაქის დაცვის მთავარსარდალს, დავით კომნენოსს, „თავზე ეხურა იბერიული ყაიდის უცხოური წითელი ქუდი", ხოლო შემდეგ ნაწყვეტში, უცხოურ ქუდს, რ-იც იმპ. ანდრონიკეს ეხურა, უკვე ლაზურს უწოდებს.
თხზ. [წიგნში]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970.
ნ. მიწიშვილი