გაბაშვილი გიორგი (გიგო) ივანეს ძე [9 (21). XI. 1862, თბილისი, – 28. X. 1936, ციხისძირი, ქობულეთის რ-ნი, დაკრძალულია თბილისშ], ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1929). თბილ. სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922-იდან), ახ. ქართ. რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1882–83 სწავლობდა თბილისშ, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ფ. რუბოსთან, რ-იც თბილ. სამხ.-ისტ. მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886–88 სწავლობდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში, 1894–97 – მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ნახატი და ეტიუდი, რ-ებიც შემდეგ გამოიყენა სურათებისათვის. 1898 იყო იტალიასა და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888-იდან; 1891 თბილისში გამართა პერსონალური გამოფენა (ეს იყო საერთოდ პირველი პერსონალური გამოფენა ქართვ. მხატვრისა). 1897 დააარსა სამხატვრო სტუდია, 1900-იდან ასწავლიდა „ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების“ ხატვის სკოლაში (1901-იდან დირექტორი). გ-ის შემოქმედების აყვავების პერიოდია XIX ს. მიწურული და XX ს. პირველი წლები. მისი, როგორც შემოქმედის, ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ, ქართვ. სამოციანელთა მოწინავე იდეებს, მეორე მხრივ, XIX ს. II ნახ. რუს. რეალისტურ მხატვრობას. გ-მა, ერთ-ერთმა პირველმა დაამთავრა საბოლოოდ ევრ. მხატვრობის ფორმები ჩვენში, გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართ. მხატვრობის შინაარსი. გ. მუშაობდა ზეთით, აკვარელით, აქვს კალმთ ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია: შექმნა მთელი სერია ქართ. კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა (ი. ჭავჭავაძე, 1907–08; ა. წერეთელი, 1913; გ. ორბელიანი, 1913, ყველა საქართვ. მწერალთა კავშირის სახლი“); ავტოპორტრეტი (1932, თბილ. სამხატვრო აკადემია), მომღერალი ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში (1902–05, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი); არისტოკრ. წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები („უცნობი ქართველი თავადი“, „გრძელულვაშებიანი თავადი“, ორივე საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი; „სამი გენერალი“, 1910, თბილ. სამხატვრო აკადემია); სხვადასხვა სოც. ფენისა და კუთხის მცხოვრებთა სახეები (ხევსურული სერია: „მძინარე ხევსური“, 1898; „მთვრალი ხევსური“, „მთვრალი ხევსურები“, ორივე 1899, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი; „სამი მოქალაქე“, 1893; „ხალიანი მოქალაქე“, ორივე საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). გ. პიონერია ქართ. ბატალური და ჟანრული მხატვრობისა („ალავერდობა“, 1899; „განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან“, 1904; „ბოსტანში“, 1891; „ხევსურები სადარაჯოზე“, „არხოტის დაცვა“, 1898–1901, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), პეიზაჟისა („წვიმის შემდეგ“ 1891; საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), ნატურმორტისა. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი („ბაზარი სამარყანდში“, 1894; „დივანბეგის აუზი ბუხარაში“, 1895, ორივე საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). გ-მა ხელი შეუწყო ახ. ქართ. მხატვრობის პროფ. დონის ამაღლებას, პირველმა ფართოდ დაამკვიდრა მხატვრობაში თანამდეროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნ. თემატიკა. საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრების განვითარებას ქართ. მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა. გ-ის რეალისტურ დემოკრ. ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს ქართ. კულტურულ მემკვიდრეობაში. მან არსებითი როლი ითამაშა თანამედროვე ქართ. ხელოვნების ჩამოყალიბების პროცესშიც. გ-ის მოწაფე იყო თბილ. სამხატვრო აკადემიაში აღზრდილი ბევრი თვალსაჩინო მხატვარი.
ლიტ.: ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; Беридзе В. В., Езерская Н. А., Искусство Советской Грузии. 1921–1970, М., 1975.
ვ. ბერიძე