გაბაშვილი დავით (დუდა) ალექსანდრეს ძე [5 (18). XI. 1914, თბილისი,– 9. III. 1995, იქვე], გრაფიკოსი, ფერმწერი, მოქანდაკე, პედაგოგი. საქართვ. სახ. მხატვარი (1985). დაამთავრა ტბილ. სამხატვრო აკადემია (1939, პედ. ი. შარლემანი). იქვე განაგრძო პედ. მოღვაწეობა (1967-იდან პროფესორი). გ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი მხატვრული კულტურა, ნახატისა და კომპოზიციის დახვეწილობა, თავშეკავებული ფერადოვნება, იდეური სიმახვილე, ზომიერი კოლორიტი. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ფერწერა – „ქალის პორტრეტი“ (1941), „ქალიშვილის პორტრეტი“ (1949), „ნატურმორტი ქოთნით“ (1950), „სვანი ბიჭი“ (1951), „თამარ მეფე“ (1956); ქანდაკება – დ. კაკაბაძის (1967), ი. გაბაშვილის (1970), გ. ჩუბინაშვილის (1980), გ. ფირცხალავას (1989) სკულპტურული პორტრეტები (ყველა – საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი). გ. ქართ. წიგნის გრაფიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა ამ დარგში 1950-იანი წწ. დასაწყისში. გააფორმა წიგნები ვ. ბერიძის „სამცხის ხუროთმოძღვრება“ (1955), „თბილისის ხუროთმოძღვრება“ (ტ. 1 – 2, 1960 – 63), „ძველი ქართველი ოსტატები“ (1967), „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ (1974). გ-ს ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის (1956), ი. ჭავჭავაძის (1950), ა. ყაზბეგის (1942) ნაწარმოებთა ილუსტრაციები და სხვ.