გაბაშვილი ვალერიან ნიკოლოზის ძე (9. IV. 1911, სოფ. ვერხოვაჟიე, ვოლოგდის გუბ., – 1. VI. 1985, თბილისი), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, მედიევისტ-ისტორიკოსთა ქართ. სკოლის ფუძემდებელი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1974). ისტ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). 1932 დაამთავრა თსუ სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. 1950 – 73 იყო თსუ აღმ. ისტ. კათედრის გამგე. 1957 – 60 – საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის შუა საუკ. აღმოსავლეთის ისტ. განყ-ბის ხელმძღვანელი. 1960 – 85 საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ფეოდ. ხანის აღმოსავლეთის ისტ. განყ-ბის ხელმძღვანელი.
გ. იკვლევდა აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისის, ქართ. და აღმოსავლური ფეოდალური ურთიერთობის, ქართ. და აღმოსავლეთის ქ-ებისა და საქალაქო ცხოვრების, შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართვ. პოლიტ., სავაჭრო-ეკონ. და კულტ. ურთიერთობის, ქართ. და აღმოსავლური სამართლის, დიპლომატიის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის, ირანის პოლიტ. და დიპლ. სარბიელზე მოღვაწე ქართველთა საქმიანობის საკითხებს. გ-ის მრავალი ნაშრომი ეძღვნება თბილ. ისტორიას. იგი არის ავტორი რომანისა „აივნიანი ქალაქი“ (ნიკოლოზ გაბაონის ფსევდონიმით). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI – XVII სს. ), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; ქართული ფეოდალური წყობილება XVI – XVII საუკუნეებში (აღმოსავლურთან შედარებითი შესწავლის ცდა), თბ., 1958; აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისის პრობლემა, კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1963; ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 1969; შუა საუკუნეების აღმოსავლური ქალაქი (პერიოდიზაციის ცდა), კრ.: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1970; ადრეფეოდალური ხანის ახლოაღმოსავლური ქალაქი, კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972.
ლიტ.: კაციტაძე დ., ვალერიან გაბაშვილი (ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა), თბ., 1986.
დ. კაციტაძე