გაბაშვილი ვასილ დავითის ძე (30. III. 1853, თბილისი, – 17. III. 1933, იქვე), საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1913). თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1870, ჩაირიცხა თბილ. სამხ. სასწავლებელში. რუსეთ-თურქეთის 1877 – 78 ომის დროს მეთაურობდა სამხ. შენაერთებს. I მსოფლიო ომში (1914–18) 1915-იდან დასავლეთის ფრონტზე კავკასიის გრენადერთა დივიზიას მეთაურობდა. 1916-იდან იყო თბილისის კომენდანტი. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის, წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარისხის და მესამე ხარისხის ორდენებით და მრავალი სხვა ჯილდოთი. 1921-იდან მუშაობდა საქართვ. სამხ. სასწ. დაწესებულებათა სამმართველოში. გ. მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე და ღარიბ ქართველ მოსწვლეებს. მნიშვნელოვანი ფულადი სახსრებით ხელს უწყობდა ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემის საქმეს. მან თავისი გლეხები ადრევე გაათავისუფლა ბეგარა-გადასახადებისაგან. ეხმარებოდა მათ მიწების შეძენაში და სხვ. დიდი ზრუნვა გამოიჩინა ქართვ. კათოლიკეების მიმართ, როცა გარკვეული წრეები, რ-თაც მეფის რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლება უჭერდა მხარს, ცდილობდნენ ქართველი კათოლიკეების სომხებად გამოცხადებას. გ-ის აქტ. ჩარევით ეს აქცია ჩაიშალა. გ-მა მტკიცედ გაილაშქრა მეფის რუსეთის მოხელეთა წინააღმდეგ, რ-ებიც ცდილობდნენ გორის მაზრაში ტირიფონის ველიდან ქართველი გლეხები აეყარათ და იქ სამხედრო პოლიგონი მოეწყოთ. ქართველი საზოგადოებრიობისა და პირადად გ-ის მოთხოვნით ეს განზრახვა არ განხორციელებულა.
დ. გაბაშვილი