ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია, ერთ-ერთი უდიდესი პროტესტანტული ეკლესია. აღმოცენდა გვიანი შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიის წიაღში, სახელი უწოდა XVI ს. გერმ. თეოლოგმა მარტინ ლუთერმა. ლუთერანულ მოძღვრებაში ძირითადია გამართლების დოქტრინა. ქრისტეში სულის ხსნა წმინდა წერილის ცენტრალურ ნაწილადაა მიჩნეული. წმინდა საიდუმლოთაგან აღიარებენ ნათლობას და ზიარებას. ე.-ლ. ე-ის ორგანიზაციული სტრუქტურა ნაკლებად იერარქიულია, ყოველი მორწმუნე სასულიერო პირია. შესაბამისად, ორდინაცია არის არა წმინდა საიდუმლო, რ-ითაც მღვდლად კურთხევა ხდება, არამედ მღვდლის დასახელება მრევლის მიერ. საქართველოში ე.-ლ. ე-ის დაარსება უკავშირდება კავკასიაში გერმანელი (შვაბი) კოლონისტების გადმოსახლებას. 1818 ბოლოს საქართველოში ექვსი გერმ. კოლონია დაარსდა, მათ შორის ალექსანდერსდორფი (დიდუბე), ელიზაბეთტალი (ასურეთი) ეკატერინენფელდი (ბოლნისი) და სხვა. პირველ ხანებში კოლონისტებმა სამლოცველო სახლები ააშენეს, შემდგომში კი ნეოგოთიკის სტილის ეკლესიები ააგეს, მათ შორის – ცნობილი კირხე (არქიტექტორი – ო. ი. სიმონსონი) დღევანდელ მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა მათი მშვიდობიანი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა – 1929 სახელმწიფოს ხელში გადავიდა მთელი საეკლ. ქონება, 1941 წ. (15 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე) შუა აზიაში გადაასახლეს 23580 გერმანული წარმოშობის მოქალაქე, 1945 კი გერმანელ სამხ. ტყვეებს დაანგრევინეს კირხე. საქართველოში შემორჩენილ გერმანელებს მხოლოდ 1991-იდან მიეცათ თავისუფლად შეკრების უფლება. მცირერიცხოვანი მრევლი თანდათან გაიზარდა და ჩამოყალიბდა საქართვ. ე.-ლ. ე., რ-იც რამდენიმე – თბილისის, რუსთავის, ბორჯომის და სხვა – სამრევლოს აერთიანებს. ეკლესიას მეთაურობს ეპისკოპოსი. ეკლესია ჩაბმულია საგანმან. საქმიანობაში. მისი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა ქველმოქმედება. ამ მიზნით 1999 დაარსდა ევანგელურ-ლუთერანული დიაკონური საზ-ბა, რ-ის განკარგულებაშია მოხუცთა თავშესაფარი, უფასო სასადილოები; ტარდება უფასო სამედ. კონსულტაციები.
ლიტ.: რელიგიები საქართველოში, თბ., 2008.