მელქისედეკ III

მელქისედეკ III   (ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე)   (2. XI. 1872, სიღნაღის მაზრის სოფ. ზემო ყანდაურა, - 10. I. 1960, თბილისი), სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1952-60).  დაწყებითი განათლება მიიღო თელავის სას. სასწავლებელში.  1896  დაამთავრა თბილისის სას. სემინარია, სადაც  ეუფლებოდა ძველ ბერძნულ ენას და სიბრძნისმეტყველებას. 1900 დაამთავრა ყაზანის სას. აკადემია, მიენიჭა ღვთისმეტყველების  კანდიდატის სამეცნ. წოდება და დაინიშნა ქუთაისის სას. სასწავლებელში მასწავლებლად. იყო სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის (1904-09), კამენეც-პოდოლსკის (1909—15) სას. სასწავლებლების პედაგოგი, ქ. ტივროვოს სას. სასწავლებლის ზედამხედველი (1915-იდან). 1915 აკურთხეს მღვდლად. 1917-20 მუშაობდა გორის სას. სასწავლებლის ზედამხედველად. 1918 მიანიჭეს დეკანოზის ხარისხი. 1922-24  იყო  სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელი, 1925   ბერად აღიკვეცა და ეწოდა მელქისედეკი. იმავე წლის 14 ოქტ.  ებოძა ალავერდის ეპისკოპოსობის პატივი. 1927 იყო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი. 1928 საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის კურთხევით  გადაიყვანეს წილკნის ეპისკოპოსად, მალევე კი თბილ. ფერისცვალების მონასტერში წინამძღვრად განამწესეს.
 
1935 წ. 2 იანვარს  სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქ  კალისტრატეს კურთხევით  მ. III-ს  მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება და დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1944  გაამწესეს  თბილ. დიდუბის ღვთისმშობლის  შობის ტაძრის წინამძღვრად და ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1952 წ. 5 აპრილს საქართვ. IX საეკლესიო კრებაზე მ. III საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. 
 
მ. III-მ  ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს „ისტორია“, არიანეს „ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა“. მ. III-ის  ხელნაწერები მოიცავს ღვთისმეტყველების, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, ენათმეცნიერების, ლიტურგიკისა და სხვ. საკითხებს.  მისსავე სახელს უკავშირდება წმ. დავითისა და კონსტანტინეს ნაწილების გადასვენება მუზეუმიდან მოწამეთაში, ბოდბეში წმ. ნინოს საფლავის ეკლესიისა აღდგენა-განახლება, თბილ. სიონში 20 წლის შემდეგ ქართ. წირვა-ლოცვისა და ქართ. გალობის დაწესება. მ. III-ის პირადი არქივი ინახება საქართვ. საპატრიარქოში. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში. 
 
ლიტ.: ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX_XXI საუკუნეებში), თბ., 2010; ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ.,  1994; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; „სახალხო გაზეთი“, 1996, 23 მარტი, N 31.