მელქაძე გივი ვასილის ძე

მელქაძე გივი ვასილის ძე (2. II. 1923, თბილისი, - 29. IX. 1981, იქვე), არქიტექტორი, საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა სპი-ის არქიტ. ფაკ-ტი (1948). ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა უმცროს არქიტექტორად "საქკომუნპროექტში", 1949-81 - არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად ('თბილქალაქპროექტი"). 1955-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ის არქიტ. გეგმარების კათედრაზე (1971-იდან დოცენტი). საკონკურსო პროექტები: სადგურის მოედნის რეკონსტრუქცია თბილისში (არქიტ. ე. კვერნაძესთან ერთად; 1965, სპეც. პრემია); ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში (არქიტ. შ. ყავლაშვილთან და მოქანდაკე მ. ბერძენიშვილთან ერთად; 1958, მეორე პრემია); მ. არის თბილისში დადგმული ძეგლების არქიტ. ნაწილის ავტორი - ილია და აკაკი, სკულპტურული კომპოზიცია, 1958 (მოქანდაკეები: ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე), ა. გრიბოედოვის ძეგლი, 1961 (მოქანდაკე მ. მერაბიშვილი) და სხვ. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - საბავშვო ბაღი ვ. ბარნოვის ქუჩაზე, 1953 (არქიტ. შ. ყავლაშვილთან ერთად), საცხოვრ. სახლი დ. უზნაძის ქუჩაზე, 1959_64 (ავტორთა ჯგუფთან ერთად), მეტროპოლიტენის ქვედა სადგური "მარჯანიშვილის მოედანი", 1966 (ავტორთა ჯგუფთან ერთად), ტექნ. ნაგებობის კომპლექსი ვაგზლის მოედანზე, 1968 (არქიტ. ე. კვერნაძესთან ერთად), ყოფ. ცეკავშირის ადმ. შენობა, 1970 (არქიტ. ე. კვარცხავასთან ერთად: შენობა აიღეს 2014) და სხვ.

თ. გერსამია