მელოდია

მელოდია (ბერძნ. Melodia - სიმღერა, ჰანგი), მუსიკალური ფაქტურის ერთი (მონოდიაში ერთადერთი) ხმა. სხვადასხვა სიმაღლის ბგერათა მხატვრულად გააზრებული რიგი, რ-იც ორგანიზებულია რიტმისა და კილოს მეშვეობით. მ-ში გამოიხატება მუსიკის იდეურ-ემოციური შინაარსი. ერთხმიან მუსიკაში იგი ქმნის დასრულებულ მუს. სახეს და გამოხატავს ნაწარმოების მუს. აზრს. მრავალხმიანი მუსიკა შეიცავს ერთდროულად მჟღერ რამდენიმე დამოუკიდებელ მელოდიურ ხაზს (პოლიფონია) ან მელოდიებს ჰარმონიული თანხლებით (ჰომოფონია). მ. ძირითადად განსაზღვრავს ნაწარმოების ჰარმონიას, ფაქტურას, ხმათა სვლას. მისი ხასიათი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს ამა თუ იმ ჰარმონიზაციით. მ. კავშირშია მეტყველებასთან, ლექსთან, სხეულის მოძრაობასთან (ცეკვა). მისი გამომსახველობა გარკვეულ ემოციურ ტონუსზეა დამოკიდებული და მეტყველების მსგავსად ეყრდნობა ისეთ ხერხებს, როგორიცაა ბგერის სიმაღლე, რიტმი, ხმის სიძლიერე, ტემპი, ტემბრული ნიუანსები, მაგრამ, მეტყველების ინტონაციისაგან განსხვავებით, იყენებს გარკვეული სიმაღლის საფეხურებრივად განლაგებულ ტონებს, მუს. ინტერვალებს. მელოდიურ ბგერებს კილო და განსაკუთრებული სახის რიტმული ორგანიზაცია აქვს. მ-ის მეტრულ-რიტმული სტრუქტურა ენათესავება ლექსის მეტრულ-რიტმულ სტრუქტურას, თუმცა არსებითად განსხვავდება მისგან და წარმოადგენს სპეც. მუს. მოვლენას (იხ. რიტმი, მეტრი). მ-ში გაერთიანებულია ერთხმიანობისათვის დამახასიათებელი მუს. გამომსახველობის ყველა საშუალება: ბგერის სიმაღლებრივი (მელოდიური ხაზი, კილო), დროული (რიტმი, მეტრი, ტემპი), ფონემური (ტემბრი, დინამიკა). მ-ის მნიშვნელოვანი თვისებაა მღერადობა, რაც განსაკუთრებით ვლინდება ვოკალურ მუსიკაში. მღერადობა საკრავიერი მუსიკის მ-საც ახასიათებს. მან შეითვისა ვოკალური მუსიკის მრავალი მელოდიური ტიპი, ამავე დროს, სხვადასხვა საკრავის ტექ. შესაძლებლობის გათვალისწინებით გამოიმუშავა მ-ის აგებისა და განვითარების დამოუკიდებელი ხერხები. მ-ის ტიპი მკვეთრად განსაზღვრავს მუს. ნაწარმოების სტილსა და ჟანრს, მის ეროვნ. კოლორიტს. მ-ის უმდიდრესი საგანძურია ხალხ. მუს. შემოქმედება. ვოკალურ და საკრავიერ მუსიკაში მ-ის კლასიკური ნიმუშები შექმნა მრავალმა გამოჩენილმა კომპოზიტორმა. მისი მრავალფეროვანი ფორმებია წარმოდგენილი ქართ. სასიმღერო ფოლკლორში, სადაც ვხვდებით როგორც განვითარებული მელოდიური ხაზის მქონე სიმღერებს (ურმული), ისე საკრავიერი ტიპის ტეხილ მელოდიურ საქცევებს (ხასანბეგურა).

ლიტ.: Арановский М. Г., Синтаксическая структура мелодии, М., 1991; Боганова Т., О мелодии, 1960; Мазель Л. А., О мелодии, М.,1952; Слонимский С., Мелодика, М., 2018.