მელი-ღელე
მელი-ღელე, არქეოლოგიური ძეგლი სოფ. მელაანის სამხრეთით, დაახლ. 7 კმ-ზე, "შავხის გორის" ძირში, მშრალი ხევის - მელი-ღელეს მარჯვ. ნაპირას (გურჯაანის მუნიციპ.). 1964-67 არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის კახეთის არქეოლ. ექსპედიცია (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). გაითხარა სხვადასხვა დროის 2 სამლოცველო.
მ.-ღ. I თარიღდება ძვ. წ. XIV_XIII სს-ით. იგი წარმოადგენს 60 მ დიამეტრის შემაღლებულ მოედანს, რ-საც რიყის ქვები აქვს შემოვლებული და გამოყოფილია 2 მ სიგანის და 0,60 მ სიღრმის თხრილით. სამლოცველო მოედნის აღმ. და დას. ნაწილებში აღმოჩნდა 3-3,5 მ დიამეტრის 2 დიდი ორმო, რ-შიც იყო ხის ნაცარი და მასში შერეული სხვადასხვა ნივთი. ორმოების ცენტრში, ფსკერზე ნაცრით სავსე თიხის დიდი ჭურჭლები იდგა. მ.-ღ. I-ზე ნაპოვნია მრავალი ნივთი (86000) და მათი ფრაგმენტები. თიხის ჭურჭლის ნაწილი, რ-თა შორის ბევრია იმიტაცია, შემკულია ცხოველთა გამოსახულებებით და ნადირობის სცენებით. აღმოჩენილია ობსიდიანის ისრისპირები (მ. შ. იმიტაციებიც), სამკაული (სარდიონის მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ღილები, სამაჯურები), რამდენიმე მახვილის იმიტაცია, თიხის საბეჭდავები (მათზე გამოსახულია მნათობთა სიმბოლოები: სვასტიკა, ჯვარი, სპირალი და სხვ.), თიხისა და ბრინჯაოს შიშველი ქალის ქანდაკებები, რ-თაგან ზოგს ნიღაბი უკეთია. ძეგლის შემაღლებული მოედნის ცენტრ. ნაწილში გამოვლინდა ნაცრითა და დამწვარი ძვლით ინკრუსტირებული ცხოველთა და ფრინველთა სტილიზებული გამოსახულებები.
როგორც ძეგლის საერთო სახე, ისე აქ აღმოჩენილი ნივთები მის საწესო-სარიტუალო ხასიათზე მიუთითებს, სადაც საწესო სამსახური უმთავრესად ნაყოფიერების ღვთაების პატივსაცემად სრულდებოდა.
მ.-ღ. II უშუალოდ ებჯინება მ.-ღ. I-ს ჩრდ.-აღმ-იდან და ერთგან ფარავს მას. მ.-ღ. II თარიღდება ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ. სამლოცველოს დიამეტრია 80 მ, იგი შემოზღუდულია 1 მ სიმაღლისა და 10 მ სიგანის კედლით. ზღუდე შედგება ტერასებად სამ რიგად განლაგებული რიყის ქვებისაგან. წრეებს შორის ასეთივე კონსტრუქციის ტიხრებია. რიყის ქვის წრეები და მათ შორის ფართობი დაფარულია ცეცხლის სიმხურვალისაგან დახეთქილი რიყის ქვების ნამტვრევებით. მსგავსი კონსტრუქციისაა არაშენდასთან აღმოჩენილი ამავე პერიოდის სამლოცველოს ზღუდე. ქვებს შორის ჯგუფებად განლაგებულია რკინის ნივთები (იარაღი და სამკაული). აქვე გამოვლინდა ობსიდიანის ანატკეცების რამდენიმე ჯგუფი, ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები და შუბისპირები, მცირე რაოდენობით თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
მ.-ღ-ის ცენტრ. ნაწილში აღმოჩნდა რამდენიმე ბრტყელძირა ქვევრის ფსკერი, მამაკაცისა და ცხენის მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკება. ერთ ადგილას გამოვლინდა რიყის ქვების წრე, რ-ის ცენტრ. ნაწილი შევსებული იყო ნაცრით. მ.-ღ. II-ზე მოპოვებული მასალა სამხრ. კავკ. ტერიტ-ზე აღმოჩენილი მასალების მსგავსია და ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის გურჯაანის ისტ.-ეთნ. საცავში.
2012 თსუ-მა მ.-ღ. II-ის არქეოლოგიური გათხრები განაახლა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1I, თბ., 2013; ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973; Мели-Геле, Археологические открытия 1967 года, М., 1968.
კ. ფიცხელაური