მელიქსეთ-ბეგი ლეონ მელიქსეთის ძე
მელიქსეთ-ბეგი ლეონ მელიქსეთის ძე [14. IX (26. IX), 1890, თბილისი, – 3. IX. 1963, იქვე], არმენოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1928), პროფესორი (1930), მეცნ. დამს. მოღვაწე (1941), სომხ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1945). ოდესის უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამეცნ. ორგანიზაციაში. 1918 მიიწვიეს თსუ-ში. 1922-იდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის გამგე. მუშაობდა ლიტმცოდნეობის, არქეოლ., ხელოვნებათმცოდნეობის, ეთნოგრ., ეპიგრაფიკის, სამართლის, ბიბლიოგრაფიისა და სხვ. საკითხებზე. ავტორია ნაშრომებისა: „ქართველების ნათესაობა ესპანელებთან ძველი წყაროების მიხედვით“ (1911, რუს. ენაზე), „მეგალითური კულტურა საქართველოში“ (1938, ქართ. ენაზე), „საქართველოს ისტორიული წერილობითი წყაროების პუბლიკაციები“ (ტ. 1, 1949, ქართ. ენაზე), „ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ“ (1–3, 1934–55, სომხ. ენაზე), „სომეხი მწერლები და საქართველო“ (ტ. 1, 1963, სომხ. ენაზე), „სომხურ-ქართული ლექსიკონი“ (1996) და სხვ. მ. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც (თარგმნიდა სომხურიდან ქართულად და პირიქით). იყო რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: არველაძე ბ., ლეონ მელიქსეთ-ბეგი, თბ., 2002; ლ. მ. მელიქსეთ-ბეგის ნაბეჭდ ნაშრომთა სრული ბიბლიოგრაფია (1909–60), რედ. ი. შილაკაძე, თბ., 1960; ჯიქია ს., პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცხოვრება და მოღვაწეობა, «თსუ შრომები», 1962, ტ. 99.
ი. შილაკაძე