მელიქიშვილი პეტრე გრიგოლის ძე [29. VI (11. VII). 1850, თბილისი, − 23. III. 1927,იქვე], ქიმიკოსი, ქართული უნ-ტის (ახლანდ. თსუ) ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი რექტორი (1918_19). სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1927). დაამთავრა თბილ. ვაჟთა პირველი გიმნაზია (1868); ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა (1872). 1873 მ. გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც გაეცნო ლ. მაიერისა და ი. ვისლიცენუსის ლაბორატორიებს. მუშაობდა ნოვოროსიის უნ-ტში (1876-1917). 1881 მაგისტრის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „აკრილმჟავას ნაწარმთა შესახებ“, 1885 - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „იზომერული კროტონმჟავების ნაწარმთა შესახებ“. მ. აირჩიეს ნოვოროსიის უნ-ტის აგრონ. ქიმ. კათედრის დოცენტად (1884); იყო ამავე უნ-ტის პროფესორი (1885-1917). 1918-27 განაგებდა თსუ-ის ორგ. ქიმიის კათედრას.
მ-მა შეისწავლა ზოგიერთი ორგ. მჟავასა და მათი წარმოებულების სინთეზის საკითხები, ფიზ.-ქიმ. თვისებები. ამ საკითხებზე დაწერილმა ნაშრომებმა დიდად შეუწყო ხელი ნივთიერების აღნაგობის თეორიის განვითარებას, კერძოდ, სტერეოქიმ. თეორიის განმტკიცებას. მ-მა პირველმა მიიღო ორგ. ნაერთთა კლასი, რ-ებსაც გლიციდმჟავები უწოდა. მისი გამოკვლევების მეორე დიდი ციკლი არაორგ. ქიმიის საკითხებს მოიცავს. ამ ნაშრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგიერთი ელემენტის ( U, Nb, Ta,W, Mo, B, Ti და V) ზემჟავების სინთეზი, რ-ებიც მ-მა თავის მოწაფე ლ. პისარჟევსკისთან ერთად შეასრულა (1897-1913). მათ აჩვენეს, რომ წყალბადის ზეჟანგის მრავალი სავარაუდო ფორმულიდან მისაღები და სწორია მხოლოდ H-O-O-H. მ-მა პირველმა მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი. ცალკე მონოგრაფიად გამოიცა მისი გამოკვლევები, რ-ებიც ეხებოდა ზემჟავებსა და ზეჟანგებს (1899). მ-სა და ლ. პისარჟევსკის სამეცნ. დამსახურებისათვის პეტერბ. მეცნ. აკადემიამ ლომონოსოვის სახ. პრემია მიაკუთვნა (1900). დ. მენდელეევი მაღალ შეფასებას აძლევდა ამ ნაშრომს და მიიჩნევდა, რომ იგი განამტკიცებდა ელემენტთა პერიოდულ სისტემას. მ-ის მეცნ. მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ანალიზური ქიმ. საკითხებსაც. მან დაადგინა ნიობიუმის, ტანტალისა და მოლიბდენის თვისებრივი რეაქციები.
მ. დიდ ინტერესს იჩენდა ქალთა ემანსიპაციისადმი; იღვწოდა, რომ ქართველ ქალებს საზღვარგარეთ უმაღლ. განათლება მიეღოთ. აქტიურად მონაწილეობდა ოდესის ქალთა უმაღლესი კურსების ჩამოყალიბებაში (1905), სადაც ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი გაიხსნა და ფაკ-ტის დეკანად მ. აირჩიეს (1906).
XX ს. 90-იან წლებში მ. მეტეორიტების ბუნებით დაინტერესდა და სხვადასხვა მეტეორიტის გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ისინი იმავე ქიმიურ ელემენტებს შეიცავენ, რასაც დედამიწა. დაადგინა, რომ მიგეის მეტეორიტში, სხვებისგან განსხვავებით, ორგანული ნაერთები, კერძოდ, უმაღლესი ნახშირწყალბადები შედიოდა.
მ. იკვლევდა სასარგებლო წიაღისეულსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ღვინისა და ხორბლის ქიმიური ანალიზის შედეგად დაასკვნა, თუ რა გავლენას ახდენს ამ პროდუქტების ხარისხზე კლიმატი და დრო; ჩაქვის ჩაის გამოკვლევით დაადგინა (მ. როზენბლატთან ერთად), რომ დას. საქართველოში სუბტროპ. კლიმატი და ნიადაგი ჩაის პლანტაციის გაშენებისთვის იყო შესაფერისი.
მ-მა საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნას. ეს საქმიანობა შემდგომ მისმა მოწაფეებმა წარმატებით განავითარეს. მ-ის თაოსნობით თსუ-ში მოეწყო 4 ქიმ. ლაბორატორია, შეიქმნა არაორგ., ორგ. და აგრონ. ქიმ. კათედრები. საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკადემიაში დაარსდა მ-ის სახელობის პრემია, თსუ-ში _ სტიპენდია, აუდიტორია და კაბინეტი-ბ-კა. მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომისა, ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.
მ. დაკრძალულია თსუ-ის ეზო-სავანეში. ძეგლი მის საფლავზე ეკუთვნის ი. ნიკოლაძეს.
თბილისში არის მ-ის სახ. ქუჩა. მ-ის სახელს ატარებს ფიზ. და ორგანული ქიმიის ინ-ტი.
ლიტ.: გვერდწითელი ი., პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი, ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1975; ტორაძე მ., პეტრე მელიქიშვილი: უნივერსიტეტის პირველი რექტორი. პუბლიცისტური ნარკვევები, თბ., 2015; Цицишвили Н.С., Старосельский П.И., Жизнь и деятельность П.Г. Меликишвили, Тб., 1955 (ახლავს ბიბლიოგრ.).
პ. მამრაძე