მელიქიშვილი ნინო გიორგის ასული (დ. 11. V. 1947, თბილისი), ფილოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (2014). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1970). 1973-2006 მუშაობდა ხელნაწერთა ინ-ტში (შემდეგ ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი) უფრ. და წამყვანი მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 2006-იდან არის ამავე ცენტრის ტექსტოლოგიისა და კოდიკოლოგიის განყ-ბის მთ. მეცნიერი თანამშრომელი; თანამშრომლობს თბილ. სას. აკადემიასთან, ხელმძღვანელობს ამავე აკადემიის გამომცემლობას. 1990-იდან არის წმ. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართ. თარგმანების შემსწავლელი საერთაშ. ჯგუფის წევრი (ამ თანამშრომლობის ფარგლებში ბელგიაში 1998-2007 ჩორპუს ჩჰრისტიანორუმ სერიით გამოქვეყნდა გრიგოლ ნაზიანზელის თხზ-თა ძველი ქართ. თარგმანების შვიდი ტომი). სამეცნ. ურთიერთობა აქვს მიუნსტერში (გერმანია) არსებულ იუდაიზმის შემსწავლელ ცენტრთან. არის ბიზანტინოლოგთა საერთაშ. ასოციაციის საქართვ. სექციის, აგრეთვე, პატრისტიკის საერთაშ. ასოციაციის წევრი. მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. არის საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული სამეცნ. ნაშრომების ავტორი.
1989 მიღებული აქვს ი. აბულაძის სახ. პრემია მონოგრაფიისათვის "იოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყვაობისანი" (ტ. 1-2, 1987-88); ხოლო 2001 - კ. კეკელიძის სახ. პრემია მონოგრაფიისათვის "ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური თხზულებები ქართულ ენაზე" (2000).
თხზ.: ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, თბ., 2009; ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან, I, თბ., 2012; წმ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული "მარგალიტი", თბ., 2015; წმ. იოანე დამასკელის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰომილიების ძველი ქართული თარგმანები, თბ., 2019.
მ. თუშიშვილი