მელიქიშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე

მელიქიშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე (1869, თბილისი, - 1937, იქვე), ექიმი (გინეკოლოგი), საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილ. ვაჟთა I გიმნაზიაში, 1891-94 დაამთავრა ვარშავის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი, 1894-1900 - იურიევის (ტარტუ) უნ-ტი. 1902 ბაქოში იყო ქალაქის ექიმი და ლაზარეთის გამგე. ქ. შემახაში დააარსა ამიერკავკასიაში პირველი სამაზრო საავადმყოფო. 1905 კვალიფიკაცია აიმაღლა ევროპასა და რუსეთში. მუშაობდა პარიზის, ბერლინის, ვარშავის, პრაღის, ბრესლაუს (ვროცლავი), სან-ლუის კლინიკებში, პეტერბურგის სამეანო-გინეკოლოგიურ ინ-ტში. შვეიცარიასა და ფინეთში შეისწავლა კურორტოლოგიის საქმე. 1908 მ. საკუთარი სახსრებით ქსენიას (იმპერატორ ნიკოლოზ II-ის და) ქუჩაზე (ახლანდ. ზ. ჭავჭავაძის ქუჩა) გახსნა თბილისის კერძო სამკურნალო 50 საწოლით და ამბულატორიით.

მ. იყო თსუ-ის სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის პირველი ასისტენტი. ი. თიკანაძესთან ერთად ითვლება ამ კლინიკის დამაარსებლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და კავკასიის ექიმთა საზ-ბების წევრი, 1918-21 - ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ბის საკურორტო-ბალნეოლოგიური სექციის თავ-რე. 1922 იყო კურ. კოჯრის დირექტორი, 1923-28 - პატარა ცემის, წაღვერისა და აბასთუმნის სანატორიუმების მთ. ექიმი. მ-მა მდიდარი ბიბლიოთეკა უსახსოვრა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ბას.

ლიტ.: ნუცუბიძე ს., ღვაწლი, არც თუ დაფასებული, თბ., 1990; ჯავახიშვილი დ., ნიკოლოზ მელიქიშვილი, "საბჭოთა მედიცინა", თბ., 1960, #3.

ს. ნუცუბიძე