მელიქიშვილი ლევან ივანეს ძე (14. X. 1817, თბილისი, - 22. II. 1892, იქვე, დაკრძალულია მთაწმინდაზე, წმ. დავითის ტაძარში), რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1869), გენერალ-ადიუტანტი (1861). 1833 დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, 1835 დაიწყო სამხ. სამსახური. 1844-45 იყო ელიზავეტპოლის მაზრის უფროსი, 1845-48 - იმერეთის მილიციის თბილისის ლაშქრის მეთაური. 1837-63 მონაწილეობდა ექსპედიციებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. 1848–50 სათავეში ჩაუდგა I ქართულ ქვეით პოლკს, 1853 მიიღო გენ.-მ. წოდება. 1854–58 მსახურობდა ჭარ-ბელაქნის ოლქის უფროსად და ლეზგინთა რაზმის მეთაურად. 1857 სპარსეთის შაჰის კარზე იმყოფებოდა განსაკუთრებული დავალებით. 1858 დაინიშნა ლეზგინთა ხაზის უფროსად. 1858–59 დროებით სარდლობდა კასპიის- პირეთის ოლქის ჯარებს. 1859 მისი სარდლობით აიღეს ღუნიბის ციხე, რისთვისაც გენ.-ლ. წოდება მიენიჭა. 1863 ხელმძღვანელობდა აჯანყების ჩახშობას ზაქათალის, 1866 - დაღესტნის, კაიტაღი-ტაბასარანის ოლქებში. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-78) დროს მსახურობდა დაღესტნის ოლქის უფროსად და იქ განლაგებული ჯარების სარდლად. 1880 დაინიშნა კავკასიის არმიის მთავარსარდლის თანაშემწედ, 1882 - სახელმწ. საბჭოს წევრად. 1871 სტავროპოლის გიმნაზიაში და თემირ-ხან შურას მთიელთა საოლქო სკოლა-პანსიონში დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია.
დაჯილდოებულია ოქროს ხმლით, წმ. ანდრია პირველწოდებულის, წმ. ალექსანდრე ნეველის, თეთრი არწივის, წმ. გიორგის, წმ. ანას (I) და სხვ. ორდენებით. 1889 სამუდამოდ ჩაირიცხა აფშერონის პოლკის სიებში.
მ. გოგიტიძე