ევგენიძე დათო ნუგზარის ძე

დ. ევგენიძე

ევგენიძე დათო (დავით) ნუგზარის ძე (დ. 2. XII. 1958, თბილისი), კომპოზიტორი, პიანისტი. დაამთავრა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორია (1982). მუშაობდა ესპანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში. ე. ავტორია საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტული და კამერულ-ვოკალური ნაწარმოებებისა. მოსკოვის საერთაშ. კონკურსზე „იმპროვიზაცია მოცემულ თემაზე" (1979) და ბალეტის მე-5 საერთაშ. კონკურსზე საბალეტო დივერტისმენტისათვის „როდენის მოაზროვნე" (1982) მიიღო პირველი პრემიები, სსრკ ახალგაზრდა კომპოზიტორების კონკურსზე კი ვოკალურ-ინსტრუმენტული ციკლისათვის „ვარდი სილაში" – „გრან-პრი" (1983). მისი საბალეტო დივერტისმენტები დაიდგა ნიუ-იორკსა (1983) და მოსკოვში (1986). ჩატარებული აქვს საავტორო კონცერტები ესპანეთში (1988), საფრანგეთსა (1988; 1998) და თბილისში (1998; წლის საუკეთესო მუსიკოსი). 1994 კანარის კუნძულებზე (ესპანეთი) საფუძველი ჩაუყარა ფესტივალს „დექსი-ტენერიფე". ე. ავტორია 3 დრამ. სპექტაკლის და 42 ფილმის მუსიკისა, მ. შ. შექმნა საუკეთესო მუსიკა ფილმებისათვის: „ბალეტმაისტერი" (პირველი პრემია, 1995; თბილ. საერთაშ. ფესტივალი „მანა"), „როცა ოთარი წავიდა" (პრემია „ცეზარი"; 2004); „მე-9 ასეული" (პრემიები: „ოქროს ვერძი", 2005; „ოქროს არწივი", 2005 და „ნიკა", 2006). პარიზში გამოუშვა ალბომები „პიანო ინტერვიუ" (1999) და „ჰოროსკოპი" (2002). ჯ. ბალანჩინის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა მუსიკა ბალეტისათვის „საფირონები" (2004). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).