მელიქიშვილი ეკატერინე (კეკე) გრიგოლის ასული

მელიქიშვილი ეკატერინე (კეკე) გრიგოლის ასული (1854, თბილისი, – 1928, იქვე), მწერალი, მთარგმნელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. პ. მელიქიშვილის და. მისი მშობლები XVIII ს. 40-იან წლებში ახალციხიდან თბილისში გადმოსახლდნენ. ძმების და ნ. ნიკოლაძის ხელშეწყობით უმაღლესი განათლების მისაღებად შვეიცარიაში გაემგზავრა. თავდაპირველად დაამთავრა გიმნაზია, შემდეგ მიიღო უმაღლ. სამედ. განათლება. შეისწავლა გერმ. და ფრანგული ენები, გაეცნო იმ დროის მოწინავე იდეებს, თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გახდა ციურიხში მყოფი ქართვ. სტუდენტების მიერ დაარსებული საზ-ბა „უღლის“ წევრი. სწორედ ამ საზ-ბაში გაერთიანებული ქართველი ქალების [კ. და ო. ნიკოლაძეები, ო. გურამიშვილი (ნ. ნიკოლაძის მეუღლე), პ. ნაცვლიშვილი] სახელს უკავშირდება პირველი ფემინისტური ტალღა საქართველოში. მ. იყო ოდესის უნ-ტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი და მისი პირველი დეკანი. იგი ხელმძღვანელობდა საოჯახო სტამბას, იყო გამომც. „სხივის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, საზ-ბა „განათლების“ დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ლიტერატორ ქალთა წრის (დაარსდა 1872) წევრი. მ. თანამშრომლობდა გაზ. „დროებასთან“. წერდა, თარგმნიდა ინგლისურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან. 1871 „დროებაში“ გამოაქვეყნა თარგმანი ა. შკლიარევსკის (რუსი მწერალი _ ბელეტრისტი) მოთხრობისა „ქალთა შრომა“, 1872 კი – მიმოხილვითი კვლევა „მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები“.
 
ლიტ.: სურმანიძე რ., მელიქიშვილები: გრიგოლი, სტეფანე, პეტრე, იოსები, ეკატერინე, თბ., 2003. ი. აბაშიძე.