მელიორაცია
მელიორაცია (ლათ. melioratio - გაუმჯობესება), ჰიდრო-ტექნიკური, აგრო-ეკოლოგიური და ტექნიკურ-ეკონომიკური ღონის-ძიებების კომპლექსი, რ-იც მიმართულია მიწის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების (ნიადაგობრივი, კლიმატური, ჰიდროლოგიური) ხანგრძლივი ვადით გაუმჯობესებისაკენ. მ. იყოფა სამ ჯგუფად: 1. არახელსაყრელი წყლის რეჟიმიანი მიწების მ.; 2. ცუდი ფიზ. და ქიმ. თვისებების მქონე მიწების მ.; 3. მიწებისა, რ-ებიც განიცდიან წყლისა და ქარის უარყოფით ზემოქმედებას. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია პირველი ჯგუფი. ჭაობებისა და ჭარბტენიანი ნიადაგების მ-ის მიზანია ღია და დახურული დამშრობი ქსელით ნიადაგიდან ჭარბი წყლის მოცილება; აერაციისა და ტემპ-რული რეჟიმის გაუმჯობესება; ორგ. ნივთიერებების დაშლის აერობული პროცესის გაძლიერება. მშრალი მიწათმოქმედების რ-ნებში საჭიროა ნიადაგში ტენის მარაგის გაზრდა ხელოვნური რწყვით, რისთვისაც აშენებენ ღია და დახურულ სარწყავ სისტემებს, წყალსაცავებსა და სხვ. მელიორაციულ ღონისძიებათა კომპლექსს, რ-იც აუმჯობესებს არახელსაყრელ წყლის რეჟიმიან მიწებს, ჰიდროტექ. მ. ეწოდება.
მ. უძველესი დროიდან ვითარდებოდა შუა აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთში, აგრეთვე შუამდინარეთში, ეგვიპტეში, სადაც ძვ. წ. 4500 წელს აშენებული იყო 420 კმ სიგრძის სარწყავი არხი და 1200 კმ² ფართობის წყალსაცავი.
საქართველოში მ-ის განვითარებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სტრაბონი (ახ. წ. I ს.) წერდა: ,,ეს ქვეყანა (საქართველო) უფრო მეტად ირწყვება მდინარეთა და სხვა წყლებით, ვიდრე თვით ბაბილონი და ეგვიპტე~. საქართველოს უძველესი სარწყავი ქსელი დროთა განმავლობაში განადგურდა; შემორჩენილია გარდაბნის არხი (V ს.), წილკნის რუ (VI ს.) და სხვ. XII ს-ში მდ. არაგვიდან გაიყვანეს 20 კმ სიგრძის არხი (,,თამარის არხი“), რ-იც სოფ. ჟინვალთან იწყებოდა და გარდაბნის ველს აღწევდა. თამარ მეფის ბრძანებით გაიყვანეს ასევე 119 კმ სიგრძის ალაზნის არხი, მდ. ლიახვიდან კი - ორი რუ.
XX ს-ში საქართველოში სწრაფად ვითარდებოდა ირიგაცია: 20-იან წლებში გასარწყავებული იყო 95 ათ. ჰა, 1950-ში _ 247 ათ. ჰა, ხოლო 1976-ში _ 370 ათ. ჰა. მ-ის მიზნის მისაღწევად შეიქმნა სახელმწ. სტრუქტურები, ხოლო სამეცნ.-კვლ. მუშაობა ტარდებოდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის ინ-ტში (დაარსდა 1925, 2014-იდან - სტუ-ის ც. მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინ-ტი) და შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში. ინ-ტს 2005-იდან ხელმძღვანელობს გ. გავარდაშვილი. აქ ძირითადად ტარდება მ-ში არსებული თანამედროვე პრობლემების მეცნიერული კვლევა.
საქართვ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განხორციელდა მ-ის დარგის მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია. ამჟამად პოლიტიკას მ-ის სფეროში ახორციელებს საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო სამუშაოების დიდ ნაწილს ასრულებს ამ სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება - შპს საქართველოს მელიორაცია, რ-ის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საქართველოში მ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ა. დიდებულიძემ, ი. ჩხენკელმა. ც. მირცხულავამ, მ. გაგოშიძემ, ო. ნათიშვილმა, ა. მოწერელიამ, ვ. ვოზნესენსკიმ, ფ. შატბერაშვილმა, ბ. ჩხიკვიშვილმა, გ. ტუღუშმა, ვ. ბუაჩიძემ და სხვ.
გ. გავარდაშვილი