მელია-ტელეფია

"მელია-ტელეფია", მელია-ტულეპია, ნაყოფ¬იერების ღვთაება კვირიას კულტისადმი მიძღვნილი ცეკვა-რიტუალი, მამაკაცთა ფერხული სვანეთში, მურყვამობის ნაწილი (იხ. მურყვამობა). ასრულებდნენ ყველიერის ხუთშაბათს. იგი მურყვამობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სანახაობას წარმოადგენდა. "მ.-ტ-ში" დადგენილია ნაყოფიერების ღვთაება ტელეფინუსის კულტის კვალი, რ-ის სათავე მცირე აზიის უძველესი მოსახლეობის რელიგიურ წარმოდგენებშია საძიებელი. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ფერხულია ასახული თრიალეთის ვერცხლის თასზე (ძვ. წ. XVIII-XVII სს.). "მ.-ტ-ს" მოსდევდა ორ- ან სამსართულიანი ფერხული-სიმღერა "მორილ-მიაქელა", რ-საც შეჯიბრის სახე ჰქონდა. ზედა და ქვედა სართულების მეფერხულენი ემუქრებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს, ქვედა სართულის მეფერხულენი გაიწევდნენ და ბეჭებზე მდგომ მომღერლებს ჩამოყრიდნენ. "მ.-ტ." დრამატურგიული მთლიანობით გამორჩეული ფერხულია, რ-შიც რიტმული საწყისის ხაზგასმა უწყვეტი განვითარების იმპულსად გვევლინება. „მ.-ტ-ს" ჯგუფის (რაოდენობა არ იყო განსაზღვრული) წინამძღოლს, ბეროლისა (გონჯა, ბერიკა) და საქმისაის მსგავსად, ძონძებს შემოახვევდნენ, ხის სარცხვინელ ასოს ჩამოჰკიდებდნენ და ხელში წკნელს ან ჯოხს დააჭერინებდნენ. ერთმანეთის უკან დამდგარი მონაწილენი სიმღერა-რეჩიტატივით ირგვლივ უვლიდნენ მინდორს. წინამძღოლი ემუქრებოდა ქალებს და თან ჯოხს უქნევდა სქესობრივი აქტის წამქეზებელი შეძახილით - "ჯუხ, ჯუხ". მწკრივში დამდგარი მამაკაცები შემოსძახებდნენ: "მელია-ტელეფია, ოჰ, ოჰ, დაჰლა ლაჩილია (თხასთან ფალიკური ქმედება), ელია და მელია, ჩიტიც მოგვიწველია, კათხა ჩაგვიწკეპნია". "მ.-ტ-ს" რიტუალი ასახავს ბრძოლას ნაყოფიერების ღვთაებისა (ტელეფია) და ქვესკნელის ძალებს (მელია/მგელი) შორის, რ-იც მთავრდება ტელეფიას გამარჯვებით, ანუ სიცოცხლისა და ნაყოფიერების განახლებით. "მ.-ტ-ს" სახელწოდებით სვანეთში არსებობდა საბავშვო თამაშობაც.

ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2001; ონიანი ჯ., ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა IV, თბ., 2020; რუხაძე ჯ., ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში, თბ., 1999; მისივე, სვანური მურყვამობა - კვირიაობა, "მაცნე", 1969, #3; ჭელიძე გ., მითოპოეზიის ძეგლები - მითოსური ლირიკა, წგ.: ქართული მითოპოეზია, თბ., 2008; ჩიჯავაძე ო., "ქართული მუსიკალური ფოლკორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი", თბ., 2009.