მელიავა თამაზ გიორგის ძე (23. XII. 1929, თბილისი, - 27. VIII. 1972, იქვე), კინორეჟისორი, სცენარისტი. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1967). სწავლობდა მოსკ. იურიდიულ ინ-ტში (1947) და მოსკ. ლიტ-რის ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტზე (1948-51). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (ს. სკვორცოვისა და ს. იუტკევიჩის სახელოსნო, 1959). სტუდენტობის პერიოდში კიევის ა. დოვჟენკოს სახ. კინოსტუდიასა და "მოსფილმში" გადაიღო ფილმები: "უბრალო ნივთი" (1959), "ლეონ კუტიურიე" (1960), "წყნარ ნავსაყუდელთან" (ე. აბალოვთან ერთად, 1961). ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კინოსტუდია "ქართულ ფილმში", სადაც გადაიღო მხატვრული ფილმები "თეთრი ქარავანი" (ე. შენგელაიასთან ერთად, 1963; საკავშ. კინოფესტივალის პრიზი; საქ. სსრ კომკავშირის პრემია, 1967) და "ლონდრე" (1966). სარეჟისორო მოღვაწეობის პარალელურად წერდა სცენარებს, რ-ებიც საფუძვლად დაედო ფილმებს: "ისინიც ადამიანები არიან" (ლ. ტოლსტოის "ომისა და მშვიდობის" ფრაგმენტის მიხედვით, რეჟ. გ. დანელია, 1959), "ვინ მოიგონა ბორბალი?" (თ. აბულაძესთან ერთად, რეჟ. ვ. შრედელი, 1966), "გლადიატორი" (ნ. დუმბაძის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. ბ. წულაძე, 1972), "სამკაული სატრფოსათვის" (ა. აბუ-ბაქარის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. თ. აბულაძე, 1972; საკავშ. კინოფესტივალის პრიზი კინოკომედიის ჟანრის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, 1972). 1969 შეუდგა მუშაობას ორსერიან მხატვრულ ფილმზე "მთვარის მოტაცება" (კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით), რ-იც ეკრანზე 1973, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა.
მ. კერესელიძე