მელია (Melia), მცენარეთა გვარი მელიისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ან ნახევრად მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. 25-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრ. აზიასა და ავსტრალიაში. კულტურაში უფრო ხშირად გვხვდება ლათ. M. azedarach; საკმაოდ ლამაზი, გაშლილვარჯიანი ხეა, რ-ის სიმაღლე 12-18 მ აღწევს. მეჩხერ საგველა ყვავილედში თავმოყრილი წვრილი იასამნისფერი სურნელოვანი ყვავილები და ყვითელი მომრგვალო ნაყოფი აქვს. დეკორატიულია. მოშენებულია ყირიმის, კავკასიისა და შუა აზიის ბაღ-პარკებში. კარგად ხარობს საქართველოშიც. ფოთოლსა და ფესვს იყენებენ მედიცინაში. ნაყოფი შხამიანია, მისგან იღებდნენ ინსექტიციდებს. მოწითალო მერქანს სადურგლო საქმეში ხმარობენ.